ვერელებმა კაკტუსსაც მოუგეს და ცხრილში დაწინაურდნენ

ვერელებმა კაკტუსსაც მოუგეს და ცხრილში დაწინაურდნენ

სუპერლიგაში 12 დეკემბერს დაგეგმილი თამაშები დასრულდა. მორიგ შეხვედრაში ერთმანეთის წინაშე “კაკტუსი” და “ვერა” წარსდგნენ. ორივე გუნდს მოგებ-წაგებათა თანაბარი შეფარდება (2-4) ჰქონდა და შესაბამისად, მოგებაც ორივესთვის განსაკუთრებულად ფასობდა. 

გამარჯვება იმ გუნდს დარჩა, რომელიც ამ ეტაპისთვის უკეთეს ფორმაშია. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი “ვერა” ნამდვილად სოლიდურ კონდიციაშია და ბოლო 4 მატჩიდან უკვე მესამედ იმარჯვა. ვერელებმა ახალი ამერიკელი ლეგიონერები შეიმატეს, რითაც ხოშტარიას გუნდმა შეტევაში მეტი სიზუსტე და დაცვაში აგრესია შეიძინა. 

პირველ პერიოდში რომ გალიდერდნენ, ვერელებს ლიდერობა აღარ დაუთმიათ. ხოშტარიას გუნდი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში 10-15 ქულით იგებდა, რაც შეტევაში ბრაისონ სკოტის შედეგიანობის, დაცვაში კი გუნდური თამაშის ლოგიკური შედეგი გახლდათ. ბოლო პერიოდში “კაკტუსმა” გაიბრძოლა, თუმცა შედეგიანად მოთამაშე სამაი ჰეინს-ჯონსს მხარი თანაგუნდელებმა ვერ აუბეს და შეხვედრა ისე დასრულდა, ვითარება არ დაძაბულა. 

საბოლოოდ “ვერამ” 85:76 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და ცხრილში საპატიო მე-4 ადგილზე დამკვიდრდა. ვერელებს 26 ქულით ბრაისონ სკოტმა ულიდერა. საკმაოდ სარგებლიანი იყო ვახტანგ ქადარია, რომელმაც 11-დან 8 ორქულიანი ჩააგდო, საბოლოოდ კი 19 ქულა მოაგროვა. 10-10 ქულა-მოხსნით მატჩში ერთადერთი ორმაგი დუბლი ჯოშუა ჰავლიმ მიითვალა. “კაკტუსში” 31 ქულით საუკეთესო ჰეინს-ჯონსი გახლდათ, 12 ქულა დარიუს უილიამსმა, ხოლო 11 – ეი ჯეი სამბრიმ დააგროვეს.

სუპერლიგის მორიგი 2 მატჩი 13 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება:
ოლიმპი – ტიტები 12:00
დინამო – ქუთაისი 14:30