ვსა-მ ორბი 33 ქულით დაამარცხა და ლიდერებში გაერია

ვსა-მ ორბი 33 ქულით დაამარცხა და ლიდერებში გაერია

სუპერლიგის მე-10 ტურის ბოლოსწინა მატჩი დიღმის არენაზე გაიმართა, სადაც ვსა-მ ტყიბულის ორბს უმასპინძლა. სუპერლიგის დებიუტანტი ვსა ლიდერებში საბოლოოდ ჩაეწერა, წინა ტურში “ქუთაისის” და დღეს ორბის ძლევით 6 მოგების წილ 3 მარცხი მოუგროვდა და დაკარგული ქულებით “გურჯაანთან” ერთად მე-2 ადგილზეა. 

დღევანდელ მატჩში დავით ნოზაძის გაწვრთნილმა ვსა-მ იოლად იმარჯვა. მართალია, 33-ქულიანი უპირატესობა ბოლო პერიოდში მითვლილი ქულებით მოიპოვა, თუმცა შეხვედრა ისე წარმართა, წაგების საფრთხე არ დამუქრებია. პირველი და მეორე პერიოდები ვსა-მ 16 ქულით მოიგო და მესამეში ცოტა მოიკოჭლა. ტყიბულელებმა ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირეს და იმედის ნაპერწკალი მიეცათ, რაც მალევე ჩაქრა. ბოლო პერიოდი და მასპინძელთა შტურმი ერთდროულად დაიწყო. სამიოდ წუთში ვსა-ს ლიდერობამ 20 ქულას გადააჭარბა და მატჩის ბედიც გაირკვა. საბოლოოდ ვსა-მ 96:63 (სტატისტიკა) იმარჯვა.

ვსა-ს ჯერმეინ ჰედმა ულიდერა, რომელმაც 24 ქულა, 7 პასი და 4 მოხსნა დააგროვა. 24 ქულა და 11 მოხსნა ტროი სიმონსმა მიითვალა, ქსავიერ ჰილ-მეისის ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა. ორბში საუკეთესო იყო ახალწვეული ტაისონ ჯექსონი, რომელმაც გუნდში მეორე მატჩი ჩაატარა, თუმცა მისი 22 ქულა ორბს მოსაგებად არ ეყო. 14 ქულა დონდრე რედიკის ანგარიშზეა. 

ორბი გამოკვეთილი აუტსაიდერია 2 მოგებითა და 7 მარცხით, ვსა-ზე კი თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ ლიდერებში გაერია.