Wings for LIfe – მსოფლიოსთან ერთად ქართველმა კალათბურთელებმაც ირბინეს

Wings for LIfe – მსოფლიოსთან ერთად ქართველმა კალათბურთელებმაც ირბინეს

Wings for life – კომპანია “რედბულის” უპრეცედენტო და ყველაზე გრანდიოზულმა ღონისძიებამ, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით გაიმართა და რომელიც ერთადერთ მიზანს – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დახმარებას ემსახურებოდა, საქართველოში დიდი აქტივობით ჩაიარა.
საზოგადოების მრავალ ფენასთან და სპორტის სახეობათა წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიო რბენაში მონაწილეობა ქართველმა კალათბურთელებმა, კალათბურთის ეროვნული  ფედერაციის წარმომადგენლებმაც მიიღეს.
ათასობით მონაწილეს შორის ირბინა და 13-კილომეტრიან ნიშნულს მიაღწია კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ახლო წარსულში გამოჩენილმა კალათბურთლმა ვლადიმერ ბოისამ. გარბენში მიიღო მონაწილეობა ფედერაციის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ქეთა გოლეთიანმა, არაერთმა ყოფილმა თუ მოქმედმა კალათბურთლმა. რაც შეეხება ჯგუფურ გარბენას – ამ მხრივ თბილისის “დინამო” გამოირჩა, რომელიც სრული შემადგენლობით ჩავიდა კახეთში და “რედბულის” საქველმოქმედო აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღო.
Wings for life-ის მონაწილე მსოფლიოს 35 ქვეყანას შორის, რომელთა რიცხვშიც არაერთია ისეთი, სადაც ჩვენს სამშობლოზე ათობით მეტი მილიონი მოსახლე ცხოვრობს, საქართველომ მორბენალთა რაოდენობის მხრივ მე-3 ადგილი დაიკავა. 3000-ზე მეტი რეგისტრირებული მონაწილე – საქართველომ მსოფლიო მასშტაბით დიდი ჰუმანურობა გამოავლინა და ღირსეულად ირბინა მათ საკეთილდღეოდ, ვისაც ეს არ შეუძლია.