ზედიზედ მე-3 გამარჯვებამ “ოლიმპი” სუპელრიგაში მე-3 ადგილზე აღაზევა

ზედიზედ მე-3 გამარჯვებამ “ოლიმპი” სუპელრიგაში მე-3 ადგილზე აღაზევა

დავით როგავას გაწვრთნილი “ოლიმპი” წინ მიიწევს. თბილისურმა გუნდმა ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა მეორეზე მყოფ “ვერას” ქულით და 1 მატჩით მეტი აქვს – დაკარგული ქულებით “ოლიმპი” მასზე წინაა.

ოლიმპელთა მორიგი მსხვერპლი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი “მეგაა”, რომელსაც თავის მხრივ 3-მატჩიანი მოგებათა სერია უმაგრებდა ზურგს – 2 სუპერლიგის და 1-იც სათასო შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ “მეგას” აკლდა ერთ-ერთი ლიდერი დემონტე ფლანიგანი, რომელმაც 2 ტურის წინ თსუ-სთან მატჩში მუხლი იტკინა და მომდევნო მატჩი, რომელშიც მეგამ ქუთაისს სძლია, არ უთამაშია.

შეხვედრა ოლიმპელთა უპირატესობით რომ დაიწყო, ასევე დამთავრდა. პირველი პერიოდი როგავას გუნდმა 27:21 მოიგო, მეორე ათწუთეული კი ფრედ დასრულდა. დიდი შესვენების შემდეგ ოლიმპელებმა გააგრძელეს უპირატესობის გამყარება – კახა ჯინჭარაძე და გივი ბაქრაძე უკანა ხაზიდან, ხოლო ფარქვეშ ლუკა კალატოზიშვილი აქტიურობდა. შედეგად “ოლიმპის ლიდერობამ 20 ქულას მიაღწია და ბოლო პერიოდში შეხვედრამ ინტრიგა დაკარგა. მართალია, “მეგას” მოთამაშეები ბოლომდე იბრძოდნენ და ბოლო წუთზე 12-ქულიანი ჩამორჩენა 5-ამდე შეამცირეს, თუმცა თამაშის შემობრუნება ვეღარ მოახერხეს. ოლიმპმა 90:83 (სტატისტიკა) იმარჯვა და წარმატებული სერია გააგრძელა. 

გამარჯვებულთაგან 21 ქულით, 8 მოხსნითა და 4 პასით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე. კალატოზიშვილმა 19 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, გივი ბაქრაძის ანგარიშზე კი 14 ქულა და 5 პასი დაგროვდა. “მეგაში” 28 ქულით, 7 მოხსნით და 5 პასით ჯიმონ ჰენსონი გამოირჩა, 21 ქულა ოთარ ბულიავამ, ხოლო 12 ქულა და 14 მოხსნა დენგი აკუთის ანგარიშზეა.