ზედიზედ მე-5 გამარჯვებამ დელტა სუპერლიგაში გაალიდერა

ზედიზედ მე-5 გამარჯვებამ დელტა სუპერლიგაში გაალიდერა

სუპერლიგის წაგებით დამწყები გურჯაანის დელტა ლიდერებში მყარად მკვიდრდება. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის გახსნითი მატჩი თსუ-თან დათმო, რის შემდეგაც, მეხუთე შეხვედრაა, მარცხის გემო არ იცის. ოლიმპი, ბათუმი, ვერა, მეგა და ახლა ტიტებიც – გურჯაანელებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს და რაკი დაუმარცხებელი კავკასია ამ ტურში ისვენებს,  სუპერლიგის ცხრილში გალიდერდნენ. 

თავის მხრივ, ტიტებისთვის ეს მარცხი ზედიზედ მე-3 აღმოჩნდა და ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილი გუნდი ჯერჯერობით ცხრილის ფსკერზე იმყოფება ვერასთან ერთად. დღევანდელი შეხვედრა ტიტებმა ისე დათმო, წარმატების რეალური შანსი არ ჰქონია და ამის მიზეზი სავარაუდოდ ლიდერების ტრავმიანობაა. მართალია, რამდენიმე მატჩიანი არყოფნის შემდეგ ლუკ მოიერი მოედანს დაუბრუნდა, თუმცა ტრავმის გამო დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო კენდრიკ ტომპსონმა, ხოლო ორდანე კანდა თამაშის მსვლელობისას დაშავდა და მოედანზე მხოლოდ 15 წუთი გაატარა. აქვე უნდა აღინიშნოს დელტას დანაკლისი: გურჯაანელებს სასტარტო ხუთეულის 3 კალათბურთელი აკლდათ: ოთარ ფხაკაძე, ლევან მასხულია და გეგი ბაქრაძე. თუმცა დელტას რომ უფრო დიდი რესურსი აქვს, ვიდრე ტიტებს, ამ მატჩშიც გამოჩნდა.

პირველი პერიოდი გურჯაანელებმა 23:9 მოიგეს, მეორეში კი თამაშზე სრული კონტროლი დაამყარეს და დიდი შესვენებისთვის უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდეს. მიუხედავად სოლიდური ჩამორჩენისა, ტიტებმა საქმის გამოსწორება მესამე პერიოდის განახლებისთანავე დაიწყეს და ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირეს, თუმცა ირაკლი ძიძიგურის წუთშესვენებამ დელტას თამაში ჩვეულ, სტაბილურ კალაპოტში დააბრუნა და გურჯაანელთა უპირატესობა კვლავ 10 ქულას ასცდა. 

თამაში ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. საბოლოოდ გურჯაანელებმა 83:72 (სტატისტიკა) მოიგეს და 1 მარცხის წილ 5 მოგებით სუპერლიგის ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ. გამარჯვებულთაგან 26 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო რიკარდო ლინჩი. 19 ქულა ეივი ტუმერმა მოაგროვა, ზურა მაჩალაძის ანგარიშზე კი 10 ქულა, 7 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 4 პასი დაგროვდა. ტიტებში  23 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკ მეიერი. რომელმაც 7 პასიც მიითვალა, 18 ქულითა და 6 მოხსნით კი აკაკი ლომოური გამოირჩა. 

დღეს ოლიმპიურ სასახლეში კიდევ 2 მატჩი გაიმართება: კაკტუსი – რუსთავი, ოლიმპი – ვერა.