ზედიზედ მე-5 გამარჯვებით “ოლიმპი” სუპერლიგის ლიდერებში დამკვიდრდა

ზედიზედ მე-5 გამარჯვებით “ოლიმპი” სუპერლიგის ლიდერებში დამკვიდრდა

სუპერლიგის მე-8 ტურის რიგით მე-3 და დღევანდელი ბოლო მატჩი დასრულდა. დიმიტრი ჯაკობოვის, დავით როგავასა და დიტო ვაჭარაძის გაწვრთნილმა „ოლიმპმა“ „ტიტებთან“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 71:56. მას შემდეგ, რაც სუპერლიგა 2 მარცხით დაიწყეს, ეს გახლდათ ოლიმპელთა ზედიზედ მე-5 გამარჯვება, რაც მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგი გახლავთ. არც ერთ გუნდს, მიმდინარე ჩემპიონატში 5-მატჩიანი წაუგებელი სერია არ ჰქონია. საწყისი ტურების შემდეგ აუტსაიდერი გუნდი ლიდერებში მყარად ჩაჯდა. 

შეხვედრა ოლიმპის 8:0 გაქცევით დაიწყო, თუმცა ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილმა “ტიტებმა” თამაშის დალაგება მოახერხეს და პერიოდის მიწურულს დაწინაურდნენ კიდეც – 17:15. სწორედ აქ მოხდა გარდატეხა, როცა “ოლიმპმა” დაცვა გაამაგრა და თამაში კონტრშეტევებზე ააწყო, რასაც შორ სროლებსაც წარმატებულად უნაცვლებდა. პერიოდის ბოლომდე ოლიმპელებმა 2-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს, 2-წუთიანი შესვენების შემდეგ კი თამაშის სადავეებს დაეპატრონნენ. 

მეორე მეოთხედში “ოლიმპმა” ლიდერობა 7 ქულამდე გაზარდა, თუმცა თამაშის სცენარიდან გამომდინარე მეტი რესურსი ჰქონდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, რითაც “ტიტებს” თამაშის შემობრუნების შანსს არ აძლევდა. უკანა ხაზში დამაჯერებლად ირჯებოდნენ კახა ჯინჭარაძე, დევიონ ტერნერი, კორი ჰოლდენი და რევაზ როგავა, ხოლო ფარქვეშ აკიეან ფრედერიკი დომინირებდა. ბოლო პერიოდის წინ “ოლიმპი” 13 ქულით ლიდერობდა და შეხვედრა ისე ჩაამათავრა, მე-5 გამარჯვებისკენ მის წარმატებულ სვლას საფრთხე არ დამუქრებია.

საბოლოოდ ოლიმპელებმა 15 ქულით იმარჯვეს, რაშიც ლომის წილი 15 ქულითა და 13 მოხსნით აკიეან ფრედერიმა დაიდო. 13 ქულა ჰქონდა კორი ჰოლდენს, ხოლო დევიონ ტერნერისა და კახა ჯინჭარაძის ანგარიშზე 10-10 ქულა დაგროვდა. “ტიტებში”17 ქულითა და 11 მოხსნით ტრისტინ უოლე გამოირჩა, თეიმურაზ ბაბუნაშვილმა კი  14 ქულა მიითვალა. 

სუპერლიგის მე-8 ტურის დარჩენილი 2 მატჩი ხვალ, 1 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. 

ოლიმპი – ტიტები
სტატისტიკა: 71:56