ზესტაფონის მარგვეთი სუპერლიგაში დარჩა. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა გუნდმა “ა” ლიგის ფინალში ვსა-სთან დამარცხებულსა და სუპერლიგაში გადასვლის განმეორებითი შანსის მქონე “სოხუმი-საქართველოს” საკვალიფიკაციო სერია მშრალად, 3:0 მოუგო და სუპერლიგის დარჩენილი 1 ვაკანტური ადგილი დაიკავა.
ზესტაფონელებმა გასულ სუპერლიგაში ასპარეზობა კარგად დაიწყეს, თუმცა გახშირებული წაგებების გამო უიმედო აუტსაიდერებად გადაიქცნენ, მაგრამ რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ნაწილში მარგვეთს მწვრთნელის ცვლილებამ უშველა – გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები მოიგო რუსთავთან, თსუ-სთან, გურჯაანთან და ბათუმთან, რის შემდეგაც ბოლო ადგილს ასცდა, თუმცა ბოლო ტურში ივერიონს ვეღარ მოუგო და საკვალიფიკაციოში სუპერლიგის საგზურის დაცვა მოუხდა.
პრეტენდენტი სოხუმი-საქართველო გახლდათ, რომელმაც “ა” ლიგაში ფინალი წააგო და სუპერლიგაში გადასვლის შანსი მიეცა. ფინალის მომგები ვსა კი პირდაპირი გზით გადავიდა უმაღლესში, სადაც ბოლო ადგილზე გასული რუსთავი ჩაანაცვლა. ზესტაფონელებმა საკვალიფიკაციო სერიის საწყისი 2 შეხვედრა შინაურ არენაზე დამაჯერებლად – ჯამში 38 ქულით მოიგეს და მესამე შეხვედრის სათამაშოდ თბილისს ესტუმრნენ. მატჩი სოხუმელთა დიდი უპირატესობით დაიწყო და პირველივე პერიოდში მასპინძლებმა 17-ქულიანი (!) ლიდერობა მოიპოვეს – 30:13.
ზესტაფონს არ გასჭირვებია ამ უზარმაზარი ჩამორჩენის გაბათილება. მეორე პერიოდი სტუმრებმა 28:17 მოიგეს და დიდ შესვენებაზე სხვაობა 4 ქულაღა იყო. მესამე პერიოდში მარგვეთმა ლიდერობა მოიპოვა, თუმცა თამაში ბოლო წუთებამდე მეტ-ნაკლებად თანაბრად მიმდინარეობდა. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა, საბოლოოდ კი ისევ მარგვეთმა იმარჯვა 95:87 (სტატისტიკა) და სერიაში 3:0 დააფიქსირა.
ასე და ამგვარად, მომავალი, 2024-2025 წლების სეზონის სუპერლიგის ყველა მონაწილე ცნობილია. სუპერლიგას 1 ახალი წევრი ეყოლება – ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი, რომელიც დებულების თანახმად, ბოლო ადგილზე გასული რუსთავის ადგილს დაიკავებს.