ზღვისპირული დერბი ბათუმმა მოიგო (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

გუშინ
ქუთაისში დაწყებული სუპერლიგის მე-4 ტური დღეს თბილისის სპორტის სასახლეში გრძელდება.
დედაქალაქის მთავარი არენა დღეს ოთხ მატჩს უმასპინძლებს. 

პირველ შეხვედრაში ზღვისპირული
დერბი შედგა, რომელშიც ერთმანეთს „სოხუმი“ და „ბათუმი“ შეხვდნენ. გასულ
სეზონთან შედარებით „სოხუმი“ დასუსტებულია, თუმცა ბრძოლის ჟინი ძველებურად მოსდევს.
ვაჟა კვარაცხელია გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატში აქამდე 2 მატჩი ფავორიტებთან გამართა
და ორივეში მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართა. სოხუმელებმა „ოლიმპი“ და განსაკუთრებით,
„შსს-აკადემია“ გვარიანად ანერვიულეს, თუმც საბოლოოდ მარცხი განიცადეს. თავისი კალიბრის
მეტოქესთან შეხვედრაში კი სოხუმელებს გაუჭირდათ – „ბათუმმა“, რომელსაც სოხუმელთა მსგავსად
ამ მატჩამდე მოგება არ ჰქონდა, შესანიშნავად ითამაშა.

ბათუმელებმა
თავიდანვე უპირატესობა მოიპოვეს. ლაშა კეშელავა, ნიკა რამიშვილი, გიორგი ნანიტაშვილი
და ავთანდილ ელიაშვილი შედეგიანად უტევდნენ სოხუმელებს და პირველი ტაიმის შემდეგ მიხეილ
კობეშავიძის გუნდი 37:33 იგებდა. დიდი შესვენების შემდეგ აჭარულმა გუნდმა ტემპს და
სიზუსტეს კიდევ უფრო უმატა და ნანიტაშვილის სამქულიანის შემდეგ 53:42 დაწინაურდა, ბოლო
მეოთხედის წინ კი 9 ქულით იგებდა.

სოხუმელთა
რუს-ყაზახმა ლეგიონერმა რუსლან ნაზმიევმა გადამწყვეტი პერიოდი აქტიურად დაიწყო და როცა
მას თანაგუნდელებიც წაეშველნენ, „სოხუმმა“ ორწუთეული 8:0 მოიგო და მეტოქეს ქულით
(57:58) მიუახლოვდა. ბათუმელებმა ვითარება შორი სროლებით გამოასწორეს: ვანო მაისურაძემ
და ლაშა კეშელავამ სამქულიანებით თავისიანები 64:57 დააწინაურეს.

მატჩის
ბოლო 5 წუთში თანაბარი ბრძოლა გაიმართა. სოხუმელები 5-6 ქულით ჩამორჩებოდნენ, დრო საკმარისად
ჰქონდათ, მაგრამ მაინც სამქულიანებით ცდილობდნენ საქმის გამოსწორებას. ნაზმიევისა და
ჩლაიძის სამქულიანების შემდეგ, მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე, „სოხუმმა“ 2 ქულამდე
შეამცირა ჩამორჩენა – 67:69. კვარაცხელიას გუნდს გათანაბრებაც შეეძლო, თუმცა იმავ ჩლაიძემ
ვერ ჩააგდო და ლაშა კეშელავამ სირენამდე 27 წამით ადრე საჯარიმოს ხაზიდან ბათუმელთა
ლიდერობა 4 ქულამდე გაზარდა. მატჩის ბედიც აქ გაირკვა – მიხეილ კობეშავიძის გუნდმა
ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა – 75:67.

გამარჯვებულთაგან
საუკეთესო იყო გუნდის ვეტერანი კალათბურთელი ლაშა კეშელავა, რომელმაც 19 ქულა დააგროვა,
მისმა 18 წლის თანაგუნდელმა ნიკა რამიშვილმა კი 17 დააგროვა. ბათუმელთაგან ორმაგი დუბლი
(15 ქულა, 10 მოხსნა) ჰქონდა გიორგი ნანიტაშვილს. სოხუმელებს 18 ქულით რუსლან ნაზმიევმა
ულიდერა, ირაკლი ჩლაიძემ კი შეხვედრა 17 ქულით დაასრულა.  

  მატჩის შემდგომ
ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა:

მიხეილ კობეშავიძე
(ბათუმი): დღევანდელ მატჩში ერთმანეთს თანაბარი ძალის გუნდები დაუპირისპირდნენ. ვერ
ვიტყვი, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ, გაგვიმართლა და ვიტყოდი რომ თამაში კარგი დაცვის
ხარჯზე მოვიგეთ. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მეორე წრიდან ვგეგმავთ გაძლიერებას და იმედია
ბევრად უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ.

ვაჟა კვარაცხელია
(სოხუმი): ვფიქრობდით, რომ ამ თამაშისთვის სათანადოდ მოვემზადეთ, თუმცა შევცდით,  ფსიქოლოგიური მომენტიდან გამომდინარე, გუნდმა მეტოქე
ჯეროვნად ვერ შეაფასა და დამარცხდა.

  ნიკა რამიშვილი (ბათუმი): სასიხარულოა, რომ
ჩვენს უშუალო კონკურენტთან მოვიპოვეთ გამარჯვება. ამ მატჩისთვის განსაკუთრებით ვემზადებოდით
და საბოლოოდ ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე ვსძლიეთ მეტოქეს.

 ირაკლი ჩლაიძე (სოხუმი): ვითამაშეთ
ძალიან ცუდად, პირადად მე, ვფიქრობ რომ ვერ შევასრულე მწვრთნელის მიერ მოცემული დავალება.
 შეცდომები გვქონდა მთლიანად გუნდსაც და საბოლოოდ
სამწუხაროდ დავმარცდით.