14-წლამდელთა B ლიგის გამარჯვებული გახდა ზაზა ფაჩულიას აკადემიის მე-2 გუნდი. ამ ასაკში პირველი გუნდი A ლიგაშია და სწორედ ამიტომ, B ლიგის ჩემპიონმა უმაღლესში ასვლა ვერ მოახერხა. შეგახსენებთ, რომ დებულება A ლიგაში ერთი სკოლის 2 გუნდის ყოფნას კრძალავს. შესაბამისად, A ლიგაში ფინალში ზაზა 2-თან დამარცხებული თელავი გადავიდა. ნიკა ჩაველაშვილის გაწვრთნილმა კახურმა გუნდმა A ლიგის საგზური რიგითობის პრინციპით მიიღო, როგორც ზაზა 2-ის შემდეგ საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი.
რაც შეეხება ფინალურ სერიას, თელავის გუნდმა პირველი მატჩი 3 ქულით მოიგო და მეორე მატჩში ამ უპირატესობის შენარჩუნება მართებდა. ნიკა ჩაველაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ზაზას აკადემიელები უფრო მობილიზებულნი აღმოჩდნენ, რომლებმაც ფინალური სერიის მეორე მატჩი 10 ქულის სხვაობით – 65:55 მოიგეს და B ლიგის გამარჯვებულისთვის დაწესებულ თასს, მედლებსა და სიგელს დაეპატრონნენ.
გამარჯვებული და ვერცხლის პრიზიორი გუნდები სუპერლიგის დირექტორის მოადგილემ, ვანო ლაცაბიძემ შესაბამისი პრიზებით დააჯილდოვა. თელაველებს ვერცხლის მედლები გადაეცათ, თუმცა უფრო ძვირფასი, A ლიგის საგზური ერგოთ. ზაზას აკადემიამ კი B ლიგის საჩემპიონო თასი და ოქროს მედლები ჩაიბარა.
14-წლამდელთა B ლიგაში მესამე ადგილი ზაზას აკადემიის მე-3 გუნდმა დაიკავა, რომელმაც ბრინჯაოსთვის მატჩში მეგა დაამარცხა.