საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის B ლიგის გამარჯვებულია “მენსანა”, ვაჟა მეტრეველის გაწვრთნილი საკმაოდ საინტერესო გუნდი. აღნიშნულ გუნდში როგორც თავად ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, ვაჟა მეტრეველის შვილი, ასევე მისი თაობის არაერთი კალათბურთელის – ირაკლი ძიძიგურის, გიორგი გასიტაშვილის, ბექა გოლეთიანის ვაჟები თამაშობენ.
ფინალურ შეხვედრაში მენსანამ ქუთაისი 2 მატჩის ჯამში 5 ქულით დაამარცხა. დღეს მეორე მატჩი იყო, ხოლო პირველი გუშინწინ, მენსანას 1-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრის წინ შანსები თანაბარი იყო და მატჩიც ძალიან დაძაბული, შეიძლება ითქვას, დრამატული გამოდგა. ქუთაისელთაგან სეზონის საუკეთესო მატჩი ითამაშა და რეკორდული შედეგიც დააფიქსირა გური ობოლაძემ, მაგრამ მისი 55 ქულა მენსანელთა გუნდურობამ გადასწონა.
გამარჯვებულ გუნდსაც ჰყავდა თავისი ლიდერი – გიორგი გასიტაშვილი, ვისი სამქულიანებითაც, არ გადავამეტებთ, თუ ვიტყვით, რომ მენსანამ გაიმარჯვა. ბოლოსწინა წუთზე თბილისური გუნდი აგებდა, როცა გასიტაშვილმა ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე სამქულიანიც ჩააგდო. ლუკა შონიას სამიანმა მატჩს წერტილი დაუსვა – მენსანელებმა 75:71 გაიმარჯვეს და ჩემპიონები გახდნენ.
ქუთაისელთა იმედი ობოლაძე იყო, რომელმაც გუნდის 71 ქულიდან 55 საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა. გასიტაშვილმა მენსანას 34 ქულა შესძინა, მაგრამ ის მარტო არ იყო – მენსანას როგორც კარგი უკანახაზელები, ისე მეფარეებიც ჰყავდა და სწორედ ამის ხარჯზე მოახერხა გამარჯვება.
ნამატჩევს ჩემპიონები და ვერცხლის პრიზიორები მედლებით ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ჯაფარიძემ დააჯილდოვა, რომელმაც გამარჯვებულთა კაპიტანს საჩემპიონო თასიც გადასცა.
მესამე ადგილი ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდს ერგო, რომელმაც ფინალამდე გამართულ ბრინჯაოსთვის მატჩში “ოვერტაიმი” 65:42 დაამარცხა. ზემოთ კალათბურთელთა შვილები ვახსენეთ და აქაც აღვნიშნოთ, რომ ზაზას აკადემიაში ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელებისა და სუპერლიგის მოქმედი მწვრთნელების – კოტე ტუღუშისა და ბექა წივწივაძის შვილები თამაშობდნენ. წივწივაძე დარბაზში იყო და ზაზა ფაჩულიას აკადემიის წევრები გიორგი ჯაფარიძესთან ერთად მედლებით დააჯილდოვა.