800-ამდე მატჩი თვენახევარში – ასაკობრივი ლიგების “ზაფხულის თამაშები” დასრულდა

800-ამდე მატჩი თვენახევარში – ასაკობრივი ლიგების “ზაფხულის თამაშები” დასრულდა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის ორგანიზებით სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარე ტურნირები დასრულდა. პანდემიით გამოწვეული თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ ეს გახლდათ პირველი მასობრივი საკალათბურთო აქტივობა, რომლის ფარგლებშიც 12 (JR.NBA) 14, 16, 18 და 20 წლამდელთა შორის გამართულ ტურნირებში ბოლო თვენახევარში 800-ამდე მატჩი ჩატარდა.

გამომდინარე შემჭიდროვებული ვადებიდან, ტურნირებს არ ჰქონდათ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტატუსი. ეს გახლდათ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოთამაშეებისა და გუნდების აქტივობის გასაზრდელი, ჩვეულ რიტმში ჩადგომისთვის აუცილებელი შეჯიბრებები, რომლებსაც პირობითად “ზაფხულის თამაშები” დაერქვა.

ვერის ბაღში, ოლიმპიური სასახლის ორივე დარბაზში და ახალაშენებულ “თბილისი არენაზეც” კი ყოველდღიურად, ერთდროულ რეჟიმში, 14, 16 და 18 წლამდელთა “ა” და “ბ” ლიგების “ზაფხულის თამაშები” მიმდინარეობდა, რომელმაც უამრავი საინტერესო, დაძაბული და თვალსასეირო მატჩი დაიტია. იყო ზღვა ემოციები – უმეტესად დადებითი, რადგან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაბრუნებულ და ოფიციალურ მატჩებში ჩაბმულ მოზარდებს წაგებაც კი არ უფუჭებდა ხასიათს. 

მივყვეთ უმცროსებიდან:

14-წლამდელთა “ა” ლიგის გამარჯვებული გახდა “ზაზა 2”, რომლელმაც ფინალურ მატჩში “ბათუმს” აჯობა – 82:64. აღსანიშნავია, რომ ზაზა ფაჩულიას აკადემიის პირველი და მეორე გუნდები ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდნენ და მეორე გუნდმა 16 ქულით იმარჯვა, რადგან ამ გუნდმა პლეი ოფში გასვლის შემდეგ 14-წლამდელთა შორის საქართველოში ერთ-ერთი პერსპექტიული მოთამაშე, მათე ხატიაშვილი, ასევე ზაზა ფაჩულიას შვილები – დათა და საბა ფაჩულიები დაიმატა. მე-3 ადგილისთვის მატჩში “ზაზა 1”-მა 67:49 სძლია “თბილისი ბასკეტს”.

14-წლამდელთა “ბ” ლიგაში ყველაზე მეტი – 38 გუნდი მონაწილეობდა და პლეი ოფიც აქ 1/16 ფინალიდან დაიწყო. ჩემპიონი გახდა საკალათბურთო კლუბი “გოა”, რომელმაც ფინალში “მართვე” 74:59 დაამარცხა. მე-3 ადგილისთვის მატჩში დრამატულ მატჩში დავით სანაიას გაწვრთნილმა “თბილისი” ბასკეტმა საფინალო სირენის თანხლებით ჩაგდებული სამქულიანით 55:54 დაამარცხა “ორბი”.

16-წლამდელთა “ა” ლიგაში პირველობა არავის დაუთმო ზაზას აკადემიის გუნდმა, რომელმაც ფინალურ მატჩში, დაძაბულ ბრძოლაში – 78:68 დაამარცხა “ვინგსი”. ამ ტურნირში ბრინჯაოს მედლები “ჰიუნდაი 2”-ს ერგო. 

16-წლამდელთა “ბ” ლიგის გამარჯვებული გახდა რეგიონის გუნდი. ნიკა ჩაველაშვილის გაწვრთნილმა “თელავმა” სატიტულო მატჩში დამაჯერებელი სხვაობით – 91:54 აჯობა “მართვეს”, ხოლო მე-3 ადგილისთვის მატჩში ქუთაისის “აიამ” დაძაბულ ბრძოლაში – 65:63 სძლია “თბილისი ბასკეტს”.

18-წლამდელთა “ა” ლიგის გამარჯვებული გახდა საკალათბურთო კლუბი “სოხუმი”. ალექსი ქაჯაიასა და მალხაზ გელაშვილის გაწვრთნილმა სოხუმელებმა დაძაბულ, ოვერტაიმიან ფინალურ მატჩში 75:68 აჯობეს “ჰიუნდაის”. ძალიან დაძაბულ, ემოციებით სავსე მატჩის ბოლოს “სოხუმის” მოთამაშეებმა მტკიცე ნერვები და მეტი სიზუსტე გამოავლინეს, რითაც ოლიმპიურ სასახლეში მოსული საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ძლიერ გაახარეს. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ სასახლის “ბ” დარბაზში გამართულ თითქმის ყველა ფინალზე ანშლაგი დაფიქსირდა. მე-3 ადგილისთვის მატჩში “დინამომ” 90:76 სძლია “ბათუმს”.

18-წლამდელთა “ბ” ლიგის გამარჯვებული გახდა “საბურთალო”. ლევან ტყეშელაშვილისა და გულივერ ახალკაცის გაწვრთნილმა საბურთალოელებმა დრამატულ ფინალურ მატჩში დაამარცხეს ლევან ჯაფარიძის გაწვრთნილი BTB. ახალგაზრდა მწვრთნელის მიერ წლეულს შექმნილი გუნდი BTB დებიუტანტის კვალობაზე საკმაოდ შორს წავიდა და ჩემპიონობამდე მცირედი აკლდა, თუმცა საბურთალოელებმა ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთით ტიტული არ დაანებეს. თავის მხრივ, “საბურთალოს” გამარჯვებაც დასაფასებელია, გუნდი ორიოდ წლის წინ შეიქმნა და ყველა ასაკობრივ ჩემპიონატში ჰყავს წარმომადგენელი. მე-3 ადგილი ერგო “თბილისი ბასკეტს”, რომელიც ასევე მძლავრ საკალათბურთო სკოლად ჩამოყალიბდა და თითქმის ყველა ასაკის გათამაშების საუკეთესო ოთხ გუნდს შორის მოხვდა. ბასკეტელებმა ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში “მაკაბი” 75:42 დაამარცხეს.