“ჰიუნდაი-იბერი” 14-წლამდელთა შორის თბილისის ჩემპიონი გახდა. ირაკლი ხომერიკის, ნიკოლოზ და ირაკლი ჩერქეზიშვილების გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში დამაჯერებლად – 98:68 დაამარცხა “აკადემია” და დედაქალაქის საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვა. ნიკა ცინცაძისა და მანუ გოგალაძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა ტურნირის მანძილზე დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და ფინალში გავიდნენ, თუმცა “ჰიუნდაი-იბერის” სახით დაუძლეველ ბარიერს წააწყდნენ.
სამი ნიკოლოზის – კუპატაძის, სანაძისა და კობაიძის ლიდერობით ჰიუნდაი-იბერელებმა თავიდანვე რომ მოიპოვეს უპირატესობა, თამაშის ბოლომდე ლიდერობას იმტკიცებდნენ. პირველი პერიოდში რომ 27:16 იმარჯვა, მას შემდეგ აკადემია მეტოქეს ვეღარ მიუახლოვდა. საბოლოოდ ხომერიკის გაწვრთნილმა გუნდმა 30 ქულის სხვაობით იმარჯვა და თბილისის ჩემპიონი გახდა.
ფინალური მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელზეც გუნდები შესაბამისი – ოქროსა და ვერცხლის მედლებით თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრებმა – ზაზა ღონღაძემ და მამუკა ლომიძემ დააჯილდოვეს. ჩემპიონი გუნდის კაპიტან ნიკა სანაძეს საჩემპიონო თასი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ძიძიგურმა გადასცა.