რამდენიმე დღის წინ, 16-წლამდელთა ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ ჰიუნდაიმ 14-წლამდელთა პირველობაც მოიგო. A ლიგის ფინალურ სერიაში ჰიუნდაელებმა ზაზა ფაჩულიას აკადემია დაამარცხეს და საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. ირაკლი და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილების გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე 2 მატჩის ჯამში დაამარცხა.
ფინალური სერიის გუშინ გამართული პირველი შეხვედრა ჰიუნდაიმ 81:70 მოიგო. საპასუხო მატჩში ჩერქეზიშვილების გაწვრთნილ გუნდს სწორედ ამ უპირატესობის შენარჩუნება მართებდათ, რაც ჰიუნდაიმ წარმატებით შეასრულა. ზაზას აკადემიელებმა ყველაფერი გააკეთეს, დღეს გამართული ფინალური სერიის მეორე მატჩი მოიგეს, თუმცა არასაკმარისი სხვაობით. უხვქულიანი შეხვედრა ლექსო ხინჩეგაშვილის გაწვრთნილმა აკადემიელებმა 101:100 იმარჯვეს, მაგრამ 2 მატჩის ჯამში 10 ქულით – 171:181 წააგეს და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.
პრიზიორი გუნდები ვერცხლისა და ოქროს მედლებით, ლევან ინწკირველისა და გურამ მინაშვილის სახელობის ჯილდოთი და საჩემპიონო თასით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრმა და ფიზიკური გადამზადების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით თორთლაძემ დააჯილდოვა. შეგახსენებთ, რომ ამ ასაკობრივ ჩემპიონატში ბრინჯაოს პრიზიორი აჭარის ნაკრები გახდა, რომელმაც ოვერტაიმი 61:51 დაამარცხა.