ფაჩულიას წარმატებული დებიუტი და საქართველოს დიდი სხვაობით მოგებული მატჩები ლატვიელებთან

ფაჩულიას წარმატებული დებიუტი და საქართველოს დიდი სხვაობით მოგებული მატჩები ლატვიელებთან

საქართველოს 2008 წელს დაბადებულთა გუნდმა, რომელიც ქართული კლუბების პერსპექტიული მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, ვილნიუსში დღეს დაწყებული ევროპის ახალგაზრდული ლიგა ბრწყინვალე გამარჯვებებით გახსნა. ამროსი ორმოცაძისა და მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა საქართველო 2008-მ ლიეტუვას დედაქალაქში დღეს 2 შეხვედრა გამართა და ჯამში 91 ქულის სხვაობით გაიმარჯვა. ქართველმა 14-წლამდელებმა ლატვიურ გუნდებს – “მარუპეს” და “იუგლას” შესაბამისად 90:39 (სტატისტიკა) და 70:30 (სტატისტიკა) სძლიეს. 

როგორც ანგარიშებიდან ჩანს, ორმოცაძე-გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა მოზარდებმა ორივე მატჩი იოლად მოიგეს. ჩვენი გუნდის ყველა წევრმა, რომელიც მოედანზე გავიდა, კარგად ითამაშა, თუმცა იყვნენ გამორჩეულებიც. უპირველესად გამოსარჩევია გუნდის დებიუტანტის, დავით ფაჩულიას შედეგიანობა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, “გოლდენ სტეიტის” შემადგენლობაში ნბა-ს ორგზის ჩემპიონის, ქართველი ქომაგებისთვის კარგად ნაცნობი ზაზა ფაჩულიას შვილია. 

დავითმა განსაკუთრებით შედეგიანად მეორე შეხვედრაში, “იუგლას” წინააღმდეგ ითამაშა, რომელშიც არასრულ 18 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 6 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. 13 წლის ფაჩულიამ 9-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი აუცდა. ამ შედეგით ის ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ამავე მატჩში 12 ქულითა და 4 ჩაჭრით მათე ხატიაშვილი გამოირჩა, ხოლო გიორგი მუშკუდიანის ანგარიშზეც 12 ქულა დაგროვდა. 

რაც შეეხება მეორე ლატვიურ გუნდ “მარუპესთან” შეხვედრას, საერთო სარგებლიანობით საუკეთესო შედეგი  ნიკოლოზ ქურასბედიანმა დააფიქსირა, რომელმაც 12 ქულა სროლის მაღალი პროცენტული მაჩვენებლით მოაგროვა. მათე ხატიაშვილმა 10 ქულა და 4 პასი მიითვალა, ხოლო დავით ფაჩულიას ანგარიშზე 10 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა.

საქართველო 2008 მომდევნო მატჩებს 28 დეკემბერს – ვილნიუსი KM-ის პირველ და მეორე გუნდებთან გამართავს. შეხვედრები თბილისის დროით 14:00  და 20:00 საათებზე დაიწყება. მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას თვალს მიადევნებთ ლიეტუვური კლუბის ფეისბუქ-გვერდზე:
https://www.facebook.com/VilniausKM