თად მაკფადენი ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში თორნიკე შენგელიას შეუერთდა

თად მაკფადენი ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში თორნიკე შენგელიას შეუერთდა

თად მაკფადენის “სან პაბლო ბურგოსი” ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის გუნდმა გმირობა ჩაიდინა და კორონავირუსამდე ცხრილში მე-10 ადგილზე მყოფმა, ფინალურ ფაზაში ოთხეულში დაიბევა ადგილი. 

შეგახსენებთ, რომ კორონამდელი საუკეთესო 12 გუნდი ფინალურ ფაზაში 2 ჯგუფში განაწილდა და ნახევარფინალის საგზურებისთვის იბრძოდა, რომლებიც თითოეული ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდს ერგო. A ჯგუფში ნახევარფინალისტები დასრულებამდე მალევე გაირკვა – ბარსელონამ და თორნიკე შენგელიას ბასკონიამ 1-2 ადგილები დაიბევეს. მეორე ჯგუფში კი დიდი დაძაბულობა იყო და ბოლო ტურის წინ ერთბაშად 5 გუნდს ჰქონდა პლეი ოფის 2 საგზურის მოპოვების შანსი. 

კანდიდატთა შორის იყვნენ ბექა ბურჯანაძის გრან კანარია და თად მაკფადენის ბურგოსი. ბურჯანაძის გუნდი რთული ამოცანის წინაშე იდგა, რადგან ბოლო მეტოქედ მასპინძელი და ჯგუფში უმეტესი მოგების მქონე “ვალენსია” ჰყავდა. კუნძულელებმა იბრძოლეს, მაგრამ ფავორიტთან ვერაფერი გააწყვეს – 81:97

ბურჯანაძე სათადარიგო იყო და მოედანზე 22:36 წუთი გამოჩნდა, რა დროშიც ქართველმა ფორვარდმა 11 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. ბექამ 5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 ორიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ამ მატჩის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ვალენსია ნახევარფინალში გავიდა, გრან კანარია კი ჯგუფში ჩარჩა. “ბურგოსს” პლეი ოფში გასასვლელად “ანდორას” დამარცხება მართებდა, რაც სანპაბლოელებმა გმირულ ბრძოლაში მოახერხეს. ბოლო პერიოდის წინ ანდორელები 10 ქულით იგებდნენ, თუმცა დასკვნითი ათწუთეული ბურგოსმა აღმავლობით ჩაატარა და საბოლოოდ 88:86 იმარჯვა. 

მაკფადენი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 26:25 წუთით გამოჩნდა და თავი 13 ქულას, 2 პასს, 2 ჩაჭრას და 1 მოხსნას მოუყარა. ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა 4-დან 3 ორქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო და 6-დან 1 სამიანი ჩააგდო.

მატჩის დასრულების შემდეგ ბურგოსელები მოგების აღსანიშნავად გაემართნენ და ეს როგორ გააკეთეს, წარმოდგენილი ვიდეოებიდან შეგიძლიათ ნახოთ. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს თამაშობდა მადრიდის რეალი, თუმცა შეხვედრის შედეგს მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ბურგოსელებს სამეფო კლუბი მეორე ტურში ჰყავდათ დამარცხებული და თანაბარქულიანობის შემთხვევაში მას პირადი მოგებით სჯობდნენ.

ასე და ამგვარად: ესპანეთის ჩემპიონატის ერთ ნახევარფინალში ბარსელონა მაკფადენის ბურგოსს დაუპირისპირდება, ხოლო თორნიკე შენგელიას ბასკონია ფინალური ფაზის მასპინძელ ვალენსიას შეერკინება. ორივე ნახევარფინალი კვირას, 28 ივნისს გაიმართება.