დღეს 14-წლამდელთა B ლიგის ბრინჯაოს პრიზიორი გაირკვევა. ერთმანეთს ზაზას აკადემიის მე-3 გუნდი (ზაზა 3) და მეგა დაუპირისპირდებიან. მეგას განაღდებული აქვს A ლიგაში გადასასვლელ საკვალიფიკაციო სერიაში თამაში და მე-3 ადგილისთვის მატჩს რომ დაასრულებს, 14-წლამდელთა A ლიგაში ბოლოსწინა ადგილზე გასულ გუნდს დაუპირისპირდება.
ზაზა 3 ბოლომდე იბრძოლებს მე-3 ადგილის მოსაპოვებლად, რადგან ამ გუნდს A ლიგაში გადასვლის შანსი არ აქვს. ეს დებულების გამო ხდება, რომლის მთავარი პრინციპი ისაა, რომ ერთ საკალათბურთო სკოლას A ლიგაში 1 გუნდზე მეტი არ უნდა ჰყავდეს. ზაზას აკადემიას A ლიგაში საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს, რომელიც პლეი ოფშია გასული და მაღალი ადგილებისთვის იბრძვის. ანუ ზაზა 3 და ვერც ზაზა 2, რომელიც B ლიგის ფინალშია, A ლიგაში ვერ გადავლენ.
სწორედ ამ პრინციპის ძალით, A ლიგის საგზური უკვე მოპოვებული აქვს თელავს, რომელიც B ლიგის ფინალში ზაზა 2-ს ხვდება. როგორც გითხარით, ზაზას ვერც ერთი გუნდი უმაღლესში ვერ აინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინალური სერია რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, თელავი A ლიგაში ბოლო ადგილზე გასულ გუნდს ჩაანაცვლებს, რომელიც პლეი აუტის შედეგად გამოვლინდება. დავაზუსტებთ, რომ პლეი აუტი არის ჯგუფიდან ვერგასული გუნდების საკვალიფიკაციო სერია, რომლის მიზანიც გუნდების 11-დან მე-14 ადგილებზე კლასიფიკაციაა. დებულების თანახმად, ბოლო ადგილზე გასული გუნდი პირდაპირ ტოვებს უმაღლეს ლიგას, ხოლო მე-12 და მე-13 გუნდები A ლიგაში ადგილების შესანარჩუნებლად B ლიგის შესაბამისად მე-3 და მე-2 ადგილოსნებთან იბრძოლებენ.
მე-3 ადგილისთვის ბრძოლა ერთმატჩიანია, ხოლო რაც შეეხება ფინალს, ჩემპიონი 2 მატჩის შედეგად გამოვლინდება. ფინალური სერიის მატჩები 27 და 28 ივნისს გაიმართება.