საქართველოს ვაჟთა ასაკობრივი ჩემპიონატები სრული დატვირთვით მიმდინარეობს, ხოლო გოგონები ახლა იწყებენ. გუშინ, თბილისი არენაზე საქართველოს 18-წლამდე გოგონათა პირველობა დაიყო, რომლის ორგანიზატორიც ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტთან ერთად ქალთა კალათბურთის განყოფილებაა.
18-წლამდელთა ჩემპიონატში 4 მონაწილეა: ბასტიონი, ორბი, დინამო და ხაშური. გუნდები 4 წრედ ითამაშებენ, რის შემდეგაც პლეი ოფში დაწყვილდებიან. პირველზე გასული გუნდი მეოთხეს შეხვდება, ხოლო მეორე – მესამეს. ჩემპიონატის პირველ ტურში ორბმა 70:49 (სტატისტიკა) მოუგო დინამოს, ხოლო ბასტიონმა ხაშური დაამარცხა – 79:24 (სტატისტიკა).
14-წლამდე გოგონათა ჩემპიონატი დღეს დაიწყო. ვიქტორ სანიკიძის სახელობის აკადემიაში დღეს 5 მატჩია დაგეგმილი, რომელთაგან 2 უკვე დასრულდა. ვანმა 37:20 დაამარცხა ხარაგაული, ხოლო რუსთავის აკადემიამ 62:46 სძლია ორბს. 14-წლამდელებში 10 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც საქართველოს 9 ქალაქს წარმოადგენენ: ვანი, რუსთავის აკადემია, ორბი, ხარაგაული, ზუგდიდი, ხაშური, ბასტიონი, ახმეტა, ქუთაისი, სამტრედია.
რომელთაგან რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ 4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და ბრძოლას ჩემპიონობისთვის გააგრძელებს.
რაც შეეხება 16 წლამდე გოგონათა ჩემპიონატს, მასში 12 გუნდი მონაწილეობს: ბასტიონი, რუსთავი, დინამო, რუსთავის აკადემია, ხაშური, ზესტაფონი, მარათონელი, ჭიათურა, ელვა, ბათუმი, ორბი და ქუთაისი. ტურნირი სტარტს 29 ნოემბერს აიღებს.