საერთაშორისო მსაჯისა და ქალთა კალათბურთში დაფასებული მწვრთნელის, როლანდ გელოვანის იუბილესთან დაკავშირებით მისი ხსოვნის ტურნირი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ მძიმე ავადმყოფობის გამო, გელოვანი 2 წლის წინ გარდაიცვალა და კალათბურთის ფედერაციის ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ორგანიზებით მისი სახელობის ტრადიციული, საერთაშორისო ტურნირი დაფუძნდა.
როლანდ გელოვანის სახელობის ტურნირი წლეულს მეორედ ჩატარდა და მასში საზღვარგარეთულმა გუნდებმა უამინდობის გამო ვერ შეძლეს მონაწილეობის მიღება. თურქეთის გავლით საერთაშორისო რეისებზე დაწესებული შეზღუდვის გამო ტურნირზე ვერ ჩამოვიდნენ თურქეთისა და სომხეთის ნაკრებები.
მემორიალურ ტურნირს ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზმა უმასპინძლა და მასში 3 გუნდი მონაწილეობდა – საქართველოს 16 და 18 წლამდე გოგონათა ნაკრები და კლუბ ბასტიონის 18-წლამდელთა გუნდი. პირველობა არავის დაუთმო საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა, მეორეზე 16-წლამდელები გავიდნენ, ხოლო მესამე ადგილი კლუბ ბასტიონს დარჩა.
პრიზიორები ფედერაციაში ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კახა შენგელიამ დააჯილდოვა. როლანდ გელოვანის სახელობის ტრადიციული ტურნირი მომავალ წელს გაცილებით მასშტაბურად იქნება.