საინტერესოდ მიმდინარეობს 14-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფი. მეოთხედფინალების დასრულების შემდეგ სტარტი აიღო პლეი ოფის მორიგმა, ნახევარფინალურმა
რაუნდმა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში, თუმცა წარმატებით დასძლია „აკადემიამ“.
გელა წულაძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში, მხოლოდ ერთი ქულით – 69:68 მოუგეს „ოვერტაიმს“.
სერიის მეორე მატჩიც საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. „აკადემია“ თავიდანვე დაწინაურდა და ლიდერობას მთელი შეხვედრის მანძილზე ინარჩუნებდა, თუმცა ოვერტაიმელებმა ბოლო პერიოდში თამაშის გათნაბრება მოახერხეს და მეტოქესთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. გადამწყვეტ მომენტში „აკადემიის“ მოთამაშეებმა მეტი მობილიზება და სიზუსტე გამოიჩინეს, რისი წყალობითაც გამარჯვება (80:75) და ფინალის საგზური მოიპოვეს.
მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს აჭარის ნაკრები და „ქუთაისი“ ხვდებიან. სერიის საწყისი მატჩები 14 და 16 ივნისს – შესაბამისად ბათუმსა და ქუთაისშია დანიშნული.