ევროპის ახალგაზრდული ლიგა ახალ სეზონს იწყებს, რომელშიც წინა წლების მსგავსად, პერსპექტიული ქართველი მოთამაშეებისგან შემდგარი გუნდები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის სპეციალური პროგრამა გრძელდება და კარსმომდგარ ევროსეზონში ჩვენი ასაკობრივი ჩემპიონატების გამორჩეული, პერსპექტიული და საინტერესო მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული ქართული გუნდები 2004 და 2005 წელს დაბადებულთა ევროპის ლიგაში იასპარეზებენ.
ხვალ ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიემგზავრება 2004 წელს დაბადებულთა გუნდი, რომელშიც მთავარმა მწვრთნელმა მამუკა ტურაშვილმა ამ ასაკის პერსპექტიულ მოთამაშეებს უხმო. გუნდი ევროპის ლიგის პირველი წრის ფარგლებში ტალინში 5 მატჩს გამართავს:
26 ოქტომბერი, 11:00 ქართული გუნდი 2004 – ოლიმპიეცი (რუსეთი)
26 ოქტომბერი, 18:00 ცსკა (რუსეთი) – ქართული გუნდი 2004
27 ოქტომბერი, 11:00 ქართული გუნდი 2004 – MBA (რუსეთი)
27 ოქტომბერი, 18:00 ტტუ (ესტონეთი) – ქართული გუნდი 2004
28 ოქტომბერი, 11:00 ალიტუსი (ლიტვა) – ქართული გუნდი 2004
ევროპის ლიგის რეგულარული ჩემპიონატი 15 ტურისგან და 3 წრისგან შედგება. მეორე წრის 5 მატჩი 17-20 იანვარს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება, ხოლო მე-3 წრეს ჩეხური ქალაქი ოსტრავა 2019 წლის 21-24 მარტს უმასპინძლებს. 3 წრის თავზე საუკეთესო 4 გუნდი ოთხთა ფინალში გავა. მთლიანობაში ევროპის ლიგის 2004-წლიანთა “ა” დივიზიონში 16 გუნდია.
ქართული გუნდი ესტონეთში ამ შემადგენლობით მიემგზავრება:
საბა გურეშიძე, ლევან ტურაშვილი, ანდრია ცერცვაძე, გიგი ნაცვლიშვილი, ლერი ბოკუჩავა, ნიკოლოზ გულიაშვილი, საბა ფარღალავა, გიორგი ჭიჭინაძე, კოკა კაკულია, გიორგი სულაბერიძე, ლუკა კუჭუხიძე, გიორგი მესხი
აღნიშნულ ასაკში სასელექციო მუშაობას მწვრთნელები გააგრძელებენ და ევროპის ლიგის მომდევნო წრეებში ქართული გუნდის შემადგენლობა სავარაუდოდ მნიშვნელოვნად გადახალისდება, რათა უფრო მეტ მოზარდს მიეცეს საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების მაღალ დონეზე წარმოჩნის შესაძლებლობა.