საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა აჭარის ნაკრები. ბათუმელებმა ფინალური სერიის მეორე მატჩში საკმაოდ იოლად –
81:64 მოუგეს „აკადემიას“ და დაჯილდოვების ცერემონიალზე საჩემპიონო თასი სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორისგან, გიორგი ზაბახიძისგან ჩაიბარეს.
არადა, პირველი მატჩი, რომელიც ბათუმში გაიმართა, მასპინძლებმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგეს. 2 დღის წინანდელი შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული
ვერ გამოავლინა და აჭარელებმა სტუმრებს მხოლოდ დამატებით 5-წუთეულში – 103:95 აჯობეს. საპასუხო შეხვედრაში აჭარის ნაკრები მოწოდების
სიმაღლეზე იყო და მეტნაკლებად თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, მატჩის ბედი მეორე ნახევარში, თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე სათავისოდ გადაწყვიტა.
საბოლოოდ აჭარელებმა 81:64 იმარჯვეს და საფინალო სერიაში საერთო ანგარიშით – 2:0 მოიგეს. მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე
პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები მედლებით და სიგელებით აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტრმა, ვეტერანმა კალათბურთელმა, გოდერძი კორძაძემ დააჯილდოვა.
14-წლამდელთა ჩემპიონატში დაწესებული იყო ღვაწლმოსილი ქართველი კალათბურთელების – ლევან ინწკირველისა და ალექსანდრე კილაძის სახელობის თასი,
რომელიც გამარჯვებული გუნდის კაპიტანს ამ მოთამაშეების მეგობარმა და თანაგუნდელმა – ანტონ კაზანჯიანმა გადასცა.
დაჯილდოვების ბოლო და უმნიშვნელოვანესი აკორდი გახლდათ საჩემპიონო თასის საზეიმო გადაცემა, რომელიც აჭარელთა კაპიტან გიორგი ოჩხიკიძეს სუპერლიგისა
და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელმა დირექტორმა – გიორგი ზაბახიძემ გადასცა.
ფინალურ შეხვედრამდე გაიმართა მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც საკმაოდ დაძაბული ბრძოლა გაიმართა „ქუთაისსა“ და „ოვერტაიმს“ შორის. იმერული
კლუბი თითქმის მთელი თამაში დამაჯერებლად იგებდა, თუმცა ოვერტაიმელებმა ბოლო მეოთხედში ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება შეძლეს. ბოლო წუთზე ქუთაისელებმა მეტი მობილიზებით და სიზუსტით ითამაშეს – 70:67, რამაც მათ ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოუტანა. პრიზიორები საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა – ქუთაისელმა ოთარ ფხაჯაძემ დააჯილდოვა.