‘საკალათბურთო კლუბი “ვინგსი” ბალტიის 12-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია. ლატვიის დედაქალაქ რიგაში ქართული ფინალი შედგა. ტურნირში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 28 გუნდი მონაწილეობდა, ფინალში “ვინგსი” და “თბილისი ბასკეტი” გავიდნენ. სატიტულო მატჩი ბექა ბურჯანაძის გაწვრთნილი “ვინგსის” გამარჯვებით – 48:37 (სტატისტიკა) დასრულდა.
ფინალურ მატჩში 18 ქულით ვინგსელი კოსტანტინე მგელაძე გამოირჩა. 12 ქულა ანდრია ჭკადუამ მიითვალა, ხოლო 9-9 ქულა დემეტრე სითათაშვილისა და გიორგი გოგოლაშვილის ანგარიშზე დაგროვდა. რაც შეეხება “თბილისი ბასკეტს”, ამროსი ორმოცაძის გაწვრთნილ გუნდში 11 ქულით ნიკოლოზ მარკოიშვილი გამოირჩა. 6 ქულა თორნიკე ღვინიაშვილის ანგარიშზეა.
ეს გუნდები შეხვდნენ გასული წლის საქართველოში გამართულ “ჟუნიორ NBA”-ს ფინალშიც. მაშინ გამარჯვება “თბილისი ბასკეტს” დარჩა. სწორედ იმ წარმატების გამო “ვინგსმა”, “თბილისი ბასკეტმა” და ჯუნიორ NBA-ში მესამეზე გასულმა “ოვერტაიმმა” საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგან მიიღეს თანადაფინანსება, რათა ბალტიის ლიგაში ეასპარეზათ. ეს გახლავთ სპეციალური პროგრამა, რომელიც წარმატებულ ბავშვთა გუნდებს განვითარებაში ეხმარება. როგორც ვთქვით, გუნდები თანადაფინანსებას “ჟუნიორ NBA”-ს ლიგაში მიღწეული წარმატებისთვის იღებენ.
ბალტიის 13-წლამდელთა ლიგაში მონაწილეობას იღებდა ზაზა ფაჩულიას აკაცემიაც, რომელმაც მე-5 ადგილი დაიკავა.