ევრობასკეტის მოედანი დიღომში, ასაკობრივი ჩემპიონატების ჩასატარებლად გაიშალა

ევრობასკეტის მოედანი დიღომში, ასაკობრივი ჩემპიონატების ჩასატარებლად გაიშალა

სპეციალურ, ულტრათანამედროვე საკალათბურთო ფიცარნაგზე, რომელზეც გასული წლის სექტემბერში ევრობასკეტ 2022-ის MVP ვილი ერნანგომესი, რუდი ფერნანდესი, ლორენცო ბრაუნი, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი და ყველა ის ვარსკვლავი თუ უბრალოდ ცნობილი კალათბურთელი თამაშობდა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის თბილისური ჯგუფის წევრები გახლდნენ, დღეს ლუკა როსტოშვილი, ნიკოლოზ გამსახურდია, ლაშა ჩხეტია და ის მოზარდები თამაშობენ, რომლებიც საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის მონაწილეები არიან. მათ მალე 14 და 16-წლამდელებიც შეემატებიან და დარბაზი, რომელიც კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ასაკობრივი ტურნირების ჩასატარებლად შეარჩია, მთლიანად დაიტვირთება და ახმაურდება.

ეს ამბავი დიღომში მდებარე ოლიმპიურ სოფელში ხდება, სადაც სხვადასხვა სპორტულ ნაგებობასთან ერთად საკალათბურთო კომპლექსიც მდებარეობს, რომელიც 2 სტანდარტულ, ყველანაირი საჭიროებით აღჭურვილ დარბაზს აერთიანებს და სადაც გაზრდილი თამაშების ფონზე კალათბურთის ფედერაციამ ტურნირების ჩატარება გადაწყვიტა. ფიცარნაგი, რომელიც ფიბა-მ ევრობასკეტისთვის ჩამოიტანა და ჩემპიონატის მსვლელობისას “თბილისი არენაზე” იყო გაშლილი, საქართველოში დარჩა. კალათბურთის ფედერაციამ იგი დიღმის დარბაზში დააგო და სწორედ მასზე მიმდინარეობს 18-წლამდელთა A და B ლიგის თამაშები.

საკალათბურთო სეზონი საქართველოში ძალას იკრეფს და მალე სრული დატვირთვით წარიმართება. შეგახსენებთ, რომ სუპერლიგასა და A ლიგასთან ერთად 18 და 20 წლამდელთა ჩემპიონატები მიმდინარეობს. გასულ ორშაბათს კი 14 და 16 წლამდელთა ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირების წილისყრა ჩატარდა, რომლებშიც მთლიანობაში 86 გუნდი მონაწილეობს. მალე დაიწყება ჯუნიორ ნბა-ს გათამაშება, რომლის საკვალიფიკაციო ტურნირში 100-ზე მეტ მონაწილე გუნდს ელიან. თავად ჯუნიორ ნბა-ს ძირითად ტურნირში – A და B ლიგაში – 60 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ყოველივე ამის ფონზე, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ოლიმპიური სასახლის 2 მოედანი საკმარისი არ იქნებოდა  თამაშების ჩასატარებლად, რის გამოც ფედერაციამ დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე საკალათბურთო კომპლექსი აითვისა, რომელიც დაგეგმილი ასაკობრივი ჩემპიონატების გრაფიკს თავისუფლად გასწვდება.