საქართველოს ჩემპიონი 14-წლამდელთა შორის საკალათბურთო კლუბი “ჰიუნდაი 2” გახდა. ირაკლი ჩერქეზიშვილის, ლაშა ელბაქიძისა და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალური სერიის მე-4 მატჩში, დაძაბულ ბრძოლაში 1 ქულის სხვაობით – 78:77 დაამარცხა “ზაზას აკადემია” და სერიის საერთო ანგარიშით – 3:1 მოგებით ჩემპიონი გახდა. ზაზას აკადემიელები ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, რის შემთხვევაშიც სერიას 2:2 ათანაბრებდნენ, თუმცა ჰიუნდაელებმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და ისეთი მატჩი მოიგეს, ხშირ შემთხვევაში წაგებით რომ მთავრდება.
შეხვედრის დასრულებამდე ოციოდ წამით ადრე “ზაზას აკადემია” 4 ქულით – 77:72 იგებდა, როცა ჰიუნდაელებმა ბურთი მოიპოვეს და გიორგი კვირიკაშვილმა ორქულიანით ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. დაცვაში კარგად ითამაშა გეგა წულაიამ, რომელმაც აკადემიელებს ბურთი აართვა, ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილს გადააწოდა და ამ უკანასკნელმა საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე უდიდესი მნიშვნელობის სამქულიანი ჩააგდო – 78:77 “ჰიუნდაის” სასარგებლოდ. აღსანიშნავია ასევე ბოლო წუთზე დავით ბეგალაშვილის უმნიშვნელოვანესი შედეგიანი გარღვევა, რომელსაც მან ზუსტი ბონუს-საჯარიმოც მოაყოლა.
დარჩენილ 5 წამში “ზაზამ” მოახერხა სროლის განხორციელება, მაგრამ არაზუსტად. შეხვედრა და მასთან ერთად ჩემპიონატი “ჰიუნდაიმ” მოიგო. გამარჯვებულთაგან 26-26 ქულით ბომბარდირობა გაიყვეს ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილმა და თენგო გოგიშვილმა. 16 ქულა დავით ბეგალაშვილმა დააგროვა. ზაზას აკადემიაში 26 ქულით ბომბრდირი გახდა ლევან ძინძიბაძე, 24 ქულა მიითვალა ლუკა ალავიძემ, რომელიც 5 პერსონალურის გამო მოედნიდან ნაადრევად გავარდა და ამით აკადემიელებმა დიდი დანაკლისი ნახეს.
მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. პრიზიორი გუნდები შესაბამისი მედლებით ვეტერანმა კალათბურთელებმა – გივი ბიჭიაშვილმა და ანტონ კაზანჯიანმა დააჯილდოვეს. მათვე გადასცეს ჰიუნდაელთა კაპიტან ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილს ცნობილი ქართველი კალათბურთელების – ლევან ინწკირველისა და გურამ მინაშვილის სახელობის თასი.
საჩემპიონო თასი ჰიუნდაელებს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გადასცა.