საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული “ჰიუნდაი 2” გახდა. ირაკლი ჩერქეზიშვილისა და ლაშა ელბაქიძის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ფინალურ მატჩში ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდს 78:60 სძლია და საკვალიფიკაციო ტურნირის ჩემპიონი გახდა.
“ჰიუნდაიმ” ტურნირი დაუმარცხებლად დაასრულა. ჯგუფურ ეტაპზე ჩერქეზიშვილის გუნდმა სამივე მატჩი მოიგო. მეოთხედფინალში ჰიუნდაელებმა “ვინგსს” სძლიეს, ნახევარფინალში კი “აკადემია” დაამარცხეს. მომავალ ჩემპიონს წინააღმდეგობა ვერც ფინალში გაუწიეს. “ზაზას აკადემიამ” დიდი მოწადინების მიუხედავად შეხვედრა უშანსოდ დათმო და მეორე ადგილს დასჯერდა.
ფინალის შემდეგ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. ვერცხლის და ოქროს მედლებით ფინალისტი გუნდების წევრები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრებმა – მამუკა ლომიძემ და გიგა ჩაჩანიძემ დააჯილდოვეს, რის შემდეგ ინდივიდუალური პრიზების გადაცემის ჯერი დადგა.
ტურნირის მაყურებელთა სიმპათიად დასახელდა “ზაზას აკადემიის” წევრი ლევან ძინძიბაძე, რომელიც მამუკა ლომიძემ დააჯილდოვა. საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულ თენგო გოგიშვილს, რომელმაც ფინალურ მატჩში 30 ქულა მიითვალა, სპეციალური პრიზი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრმა, გიგა ჩაჩანიძემ გადასცა.
დაბოლოს, ჰიუნდაელები საჩემპიონო თასით თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ძიძიგურმა დააჯილდოვა.