ფედერაციის პროექტით ბალტიის ლიგაში მოასპარეზე ქართული გუნდების წარმატება ლატვიაში

ფედერაციის პროექტით ბალტიის ლიგაში მოასპარეზე ქართული გუნდების წარმატება ლატვიაში

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალი პროექტი, რომელიც ოქტომბერში დაიწყო და წარმატებული ახლგაზრდული გუნდების წახალისებას ემსახურება, იანვარშიც გაგრძელდა. პროექტის თანახმად “Junior NBA-GBF” ლიგის გასული სეზონის წარმატებულ გუნდებს ფედერაცია თანადაფინანსებას უწევს, რათა მათ საერთაშორისო ასპარეზზე თავის გამოჩენისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მიეცეთ.

წინა სეზონის Junior NBA-GBF ლიგის ჩემპიონი ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი გახდა, რომელმაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციისგან ბალტიის ლიგაში ასპარეზობისთვის 50-პროცენტიანი თანადაფინანსება მიიღო. მეორე ადგილზე გასულმა “ბათუმმა” საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაზე უარი განაცხადა, ხოლო ბრინჯაოსმედალოსანმა “თბილისი ბასკეტ იბერიმ” ასევე მიიღო ფედერაციის 50-პროცენტიანი თანადაფინანსება და ბალტიის ლიგაში საასპარეზოდ ლატვიაში გაემგზავრა, სადაც 18-21 ოქტომბერს პირველი წრის მატჩები ჩატარდა.

ახლა კი მეორე წრის ჯერიც დადგა და ქართულმა გუნდებმა ბალტიის ლიგის 13-წლამდელთა ტურნირის მორიგი მატჩები 25-27 იანვარს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართეს. რიგაში იმყოფებოდა ასევე თბილისის “ჰიუნდაი”, რომელმაც ბალტიის ლიგის გასული წლის გათამაშება მოიგო. ჰიუნდაელები შარშანაც თავისი ფინანსებით ასპარეზონდნენ ბალტიის ლიგაში და ლატვიაში წლეულსაც საკუთარი სახსრებით გაემგზავრნენ.

სამივე ქართულმა გუნდმა ბალტიის ლიგის მეორე წრის ფარგლებში 5-5 მატჩი გამართა. ასპროცენტიანი შედეგი აჩვენა “ჰიუნდაიმ”, რომელმაც ხუთივე ლატვიური გუნდი დაამარცხა:
ჰიუნდაი – ტალსი           52:33
ჰიუნდაი – ტუკუმსი       55:29
ჰიუნდაი – ვენტსპილსი 72:33
ჰიუნდაი – იუგლა            58:51
ჰიუნდაი – ლიმბაზი        52:46 
(სტატისტიკისთვის დააკლიკეთ ანგარიშებზე)

ჰიუნდაელებმა პირველი წრის 5 მატჩიდან 3 მატჩი მოიგეს და სადღეისოდ საერთო ცხრილში 8 მოგებითა და 2 მარცხით ბალტიის ლიგის A ჯგუფში 3-5 ადგილებს იყოფენ. აღნიშნული ადგილების მოზიარეთაგან ერთ-ერთი “ზაზა ფაჩულიას აკადემიაა”, რომელმაც გასულ დღეებში გამართულ მეორე წრის 5 მატჩიდან 4 მოიგო. 
ზაზა – იუგლა                 60:42
ზაზა – ვენტსპილსი      64:23
ზაზა – ტალსი                 64:46
ზაზა – ტუკუმსი             44:30
ზაზა – ჰონკა(ფინეთი) 54:61   
(სტატისტიკისთვის დააკლიკეთ ანგარიშებზე) 

ანალოგიური შედეგი აჩვენა “თბილისი ბასკეტ იბერიმ”, რომელმაც მეორე წრის 5 მატჩიდან 4 მოიგო. 
ტტუ (ესტნეთი) – თ. ბ. იბერი                       51:49
ვალმიერა – თ. ბ. იბერი                                    41:61
IMSS (ლატვია) – თ. ბ. იბერი                         35:46
მადონა (ლატვია) – თ. ბ. იბერი                     20:45
კალინინგრადი (რუსეთი) – თ. ბ. იბერი    38:53
(სტატისტიკისთვის დააკლიკეთ ანგარიშებზე) 
  

ბალტიის ლიგის 13-წლიანთა ლიგაში მთლიანობაში 33 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფშია განაწილებული. როგორც გითხარით, 8 მოგებითა და 2 მარცხით “ზაზა” და “ჰიუნდაი” 17-გუნდიან “ა” ჯგუფში სანკტ-პეტერბურგის “ადმირალთან” 3-5 ადგილებს იყოფენ. 8 მოგება დ 2 მარცხი აქვს “თბილისი ბასკეტ იბერისაც” და ის 16-გუნდიან “ბ” ჯგუფში მე-4 ადგილზეა. 

ქართული გუნდები თბილისში ხვალ დაბრუნდებიან. მე-3 წრის მატჩები ლატვიაში მარტის თვეში გაიმართება.