თბილისის სპორტის სასახლემ 14-წლამდელთა პლაიაუტების შეხვედრებს უმასპინძლა. 5-6 ადგილებისთვის ერთმანეთს დინამოსა და რუსთავის გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება ,,რუსთავმა”მოიპოვა – 75:73 და მე-5 ადგილზე დამკვიდრდა. მატჩი თავიდანვე დაძაბულად წარიმართა და თამაშის ბედიც ბოლო წუთებზე გადაწყდა. შეხვედრის პირველ ნახევარში ,,ქვემოქართლელებმა” 9-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – 49:40, თუმცა მესამე მეოთხედში დინამოელებმა ძალიან მობილიზებულად იასპარეზეს და მინიმალური სხვაობით 59:58 დაწინაურდნენ. დასკვნით მეოთხედში გუნდებს შორის უშეღავთო ბრძოლა გაიმართა და თამაშიც ქულა-ქულაში წავიდა. გადამწყვეტი პერიოდის შუაწელში რუსთავის გუნდმა გუგა პატაშურის შორეული სამქულიანის წყალობით 5 ქულიან უპირატესობას უწია და წინ 70:65 გავიდა. დარჩენილ დროში ,,დინამო” მდევრის როლში აღმოჩნდა, რომელმაც მეტოქის დაწევა საბოლოოდ ვერ მოახერხა. რუსთავის გუნდმა დინამოელებს წინ გასვლის საშუალება არ მისცა, შეხვედრის დასრულებამდე 40 წამით ადრე თავის სასარგებლოდ 75:71 დააფიქსირა და მატჩი გამარჯვებით დაასრულა.
,,რუსთავის” შემადგენლობაში ყველაზე მეტი 35 ქულა ნიკა აბაიშვილმა დააგროვა, ხოლო ,,დინამოს” რიგებში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა. გიორგი თვალაბეიშვილმა თავი 22 ქულასა და 18 მოხსნას მოუყარა, ხოლო გიორგი ღვიანიძის ანგარიშზე 10 ქულა და 21 მოხსნაა.
დაძაბული გამოდგა პლეიაუტის მეორე მატჩიც, სადაც ,,ჰიუნდაიმ” ,,ავერსი” 57:52 დაამარცხა და მე-7 ადგილი მოიპოვა. შეხვდრის საწყისი ათწუთეული ,,ჰიუნდაის” სასარგებლოდ წარიმართა, თუმცა მეორე მეოთხედში ავერსელებიც აქტიურად ათამაშდნენ და ტაიმში მინიმალური სხვოაბით 30:29 იმარჯვეს. მესამე მეოთხედში თამაში ქულა-ქულაში წავიდა, თუმცა ავერსელებმა შეძლეს მცირე უპირატესობის მოპოვება და 44:41 დაწინაურდნენ. მეოთხე პერიოდის დასაწყისში ჰიუნდაის გუნდი მდევრის როლში აღმოჩნდა, რომელმაც შეხვედრის დასრულებამდე 3:33 წუთით ადრე წინ გასვლა მოახერხა და მინიმალური სხვაობით დაწინაურდა – 51:50. ჰიუნდაელებმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს დამატჩის ბოლო წუთზე 57:52 გავიდნენ წინ. დარჩენილ დროში ,,ავერსი” ვერაფერს გახდა და მე-8 ადგილს დასჯერდა.
გამარჯვებულთაგან ორმაგი დუბლი თორნიკე აბულაძემ და გოგა ბითაძემ შეასრულეს. აბულაძემ თავი 21 ქულასა და 16 მოხსნას მოუყარა, ხოლო ბითაძემ 14 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. ავერსელებს 19 ქულა ვატო თუთაშვილმა შესძინა, ხოლო 13 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი ნიკა ბარაჩაშვილის ანგარიშზეა.