2 გამარჯვების შემდეგ საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა კიდევ 2 შეხვედრა გამართა ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში, რომლის მეორე წრემაც სტარტი 27 დეკემბერს, ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში აიღო. ამროსი ორმოცაძისა და მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე წრის საწყის მატჩებში ლატვიური გუნდები – მარუპე და იაგლა დაამარცხა, დღეს კი უკვე ლიეტუვურ გუნდებს დაუპირისპირდა და ერთს სძლია, მეორესთან კი დამარცხდა.
ორივე შეხვედრაში ქართველების მეტოქე ევროპის ლიგის მეორე წრის მასპინძელი კლუბი “ვილნიუს KM” გახლდათ. საქართველოს ამ კლუბის პირველი და მეორე გუნდები დაუპირისპირდნენ. პირველ შეხვედრაში საქართველომ 39:62 (სტატისტიკა) დათმო შეხვედრა ვილნიუსელთა პირველ გუნდთან. ამ შეხვედრაში ჩვენს გუნდში საუკეთესო იყო მათე ხატიაშვილი, რომელმაც 13 ქულა, 6 მოხსნა და 5 ჩაჭრა მოაგროვა.
28 დეკემბერს, მოგვიანებით ქართველები ვილნიუს KM-2-ს დაუპირისპირდნენ და 55:44 (სტატისტიკა) იმარჯვეს, რაშიც ზემოთნახსენებმა მათე ხატიაშვილმა ლომის წილი დაიდო. მათემ 20 ქულა, 6 ჩაჭრა და 4 მოხსნა მიითვალა. 9 ქულას მოუყარა თავი დავით ფაჩულიამ, ხოლო ბაჩო ბლიაძის ანგარიშზე 8 ქულა დაგროვდა.
საქართველოს 4 მატჩიდან 3 მოგება აქვს და მეორე წრის ბოლო მატჩს 29 დეკემბერს, ირლანდიურ კლუბ “ნორთ ატლანტიკთან” გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც ჩვენი გუნდი სამშობლოში გამოემგზავრება. შეგახსენებთ, რომ ესტონეთში გასულ ოქტომბერს ჩატარებულ პირველ წრეში ქართველებმა 5-დან 2 შეხვედრა მოიგეს და ამჟამად საერთო ცხრილში 9 თამაშიდან 5 გამარჯვება აქვთ.
ევროპის ახალგაზრდული ლიგის ბოლო, მე-3 წრეს ორმოცაძისა და გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი 10-13 თებერვალს, ესტოლეთის დედაქალაქ ტალინში ჩაატარებს და თუ საბოლოოდ ცხრილის მოწინავეთა შორის მოხვდა, პლეი ოფში ითამაშებს.