საქართველო 2004-მა ევროპის ლიგა “ჟალგირისის” ძლევით დაასრულა, ტურაშვილი კი საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს

საქართველო 2004-მა ევროპის ლიგა “ჟალგირისის” ძლევით დაასრულა, ტურაშვილი კი საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს

ევროპის ლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასკვნით ტურში კაუნასის “ჟალგირისის” დამარცხების მიუხედავად, მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილი “საქართველო 2004” სუპერფინალში ვერ გავიდა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პროგრამის ფარგლებში ქართული კლუბების პერსპექტიული მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ევროპის 15-წლამდელთა ლიგაში ამ სეზონში გამართული 15 შეხვედრიდან 7 მოიგო, რაც ოთხეულში მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა. 

ბოლო შეხვედრაში ქართველებმა მიმდინარე სეზონის ერთპიროვნული ლიდერი, 14-დან 14 გამარჯვების მქონე “ჟალგირისი” დაამარცხეს. ტურაშვილის გუნდი პირველი მეოთხედის შემდეგ 7 ქულით აგებდა, თუმცა მომდვნო 3 პერიოდში დიდებულად ითამაშა და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 50:39.

ჩვენებმა გუნდურად ითამაშეს. ყველაზე მეტი – 10 ქულა გიორგი მესხმა მოაგროვა. კოკა კაკულიამ თავი 9 ქულას და 8 მოხსნას მოუყარა, ხოლო ნიკოლოზ გულიაშვილის ანგარიშზე 8 ქულა და 5 მოხსნა დაგროვდა. 

“საქართველო 2004”-მა ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში გამართულ მე-3 წრეში 5-დან 2 მატჩი მოიგო, მთლიანობაში კი რეგულარულ ჩემპიონატში 15-დან 7 გამარჯვება მოუგროვდა და სუპერფინალში ვერ მოხსვდა. დაჯილდოების ცერემონიალზე ქართველი მწვრთნელი გამოარჩიეს. მამუკა ტურაშვილი მე-3 წრის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. ჩვენი გუნდის საუკეთესო კალათბურთელად კი კოკა კაკულია დასახელდა. 

“საქართველო 2004”-ისთვის ევროპის ლიგის 2018-2019 წების სეზონი დასრულდა.

საქართველო 2004 – ჟალგირისი
სტატისტიკა: 50:39