ირაკლი მაისურაძისა და ნოდარ ქორქიას გაწვრთნილმა გუნდმა “საქართველო 2005”-მა ევროპის 14-წლამდელთა ლიგის მე-3 წრე და შესაბამისად, რეგულარული ჩემპიონატი წარმატებით დაასრულა და სუპერფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ჩვენი გუნდი მოსკოვის ცსკა-სთან, კაუნასის “ჟალგირისთან” და ლატვიურ “ვალმიერასთან” ერთად 16-19 მაისს ევროპის ლიგის ოთხთა ფინალში (სუპერფინალში) იასპარეზებს.
“საქართველო 2005”-მა დასვნით მატჩში მე-3 წრის მასპინძელ “ვალმიერას” დაძაბულ ბრძოლაში – 56:54 სძლია. ჩვენს გუნდში საუკეთესო იყო ლუკა ალავიძე, რომელმაც 24 ქულა, 6 ჩაჭრა და 5 მოხსნა მოაგროვა. 13 ქულა ლევან ძინძიბაძის ანგარიშზე დაგროვდა, 6 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა ბაქარ ბერეკაშვილს.
საბოლოოდ საქართველო 2004-მა ვალმიერაში გამართულ მე-3 წრეში მე-2 ადგილი დაიკავა. ქართველებმა 5 მატჩიდან 4 მოიგეს და მხოლოდ დაუმარცხებელ ცსკა-ს ჩამორჩნენ. ქართულმა გუნდმა 15 მატჩიდან 12 მოგებით მე-3 ადგილი დაიკავა მთლიანად ევროპის ლიგის 16-გუნდიან პირველ დივიზიონში. მაისურაძის გუნდი ცსკა-ს და კაუნასის “ჟალგირისს” ჩამორჩა.
მე-3 წრის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. ვალმეირას ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში ლუკა ალავიძე შევიდა, რომელსაც სპეციალური პრიზი გადასცეს.
“საქართველო 2005” თბილისში ხვალ, გამთნიისას დაბრუნდება, ხოლო ევროპის ლიგის სუპერფინალში ასპარეზობა 16-19 მაისს მოუწევს.
საქართველო 2005 – ვალმიერა
სტატისტიკა: 56:54