“საქართველო 2005”-მა ევროპის ლიგის მეორე წრე 4 მოგებით დაასრულა

“საქართველო 2005”-მა ევროპის ლიგის მეორე წრე 4 მოგებით დაასრულა

ზედიზედ 4 მოგების შემდეგ ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე წრეში პირველი მარცხი განიცადა “საქართველო 2005”-მა და ლიტვურ პლუნგეში ასპარეზობა დაასრულა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პროექტით, ქართული კლუბების პერსპექტიული მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდი “საქართველო 2005” ევროპის ლიგაში ასპარეზობს, სადაც უკვე მეორე წრე გამართა. 

მეორე წრეს ლიტვის ქალაქმა პლუნგემ უმასპინძლა. საქართველო 2005 ლიტვაში ერთ-ერთი ლიდერის სტატუსით ჩავიდა, რაგდან გასული წლის ოქტომბერში გამართულ პირველ წრეში 5-დან 4 მატჩი ჰქონდა მოგებული. ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე წრეშიც ანალოგიური შედეგი დააფიქსირა. ქართველებმა საწყისი 4 შეხვედრა მოიგეს და ამის შესახებ ჩვენი საიტიდან ინფორმაციას მიიღებდით, დღეს კი “საქართველო 2005”-მა ბოლო შეხვედრა მოსკოვის “დინამოსთან” გამართა და დაძაბულ ბრძოლაში – 52:60 წააგო.

ჩვენს გუნდში 16 ქულითა და 12 მოხსნით ბაქარ ბერეკაშვილი გამოირჩა. თენგო გოგიშვილმა პირად ანგარიშზე 12 ქულა, 5 ჩაჭრა და 3 პასი ჩაიწერა, ლევან ძინძიბაძემ კი შეხვედრა 10 ქულითა და 5 მოხსნით დაასრულა. სწორედ ძინძიბაძე გახდა მეორე წრის მატჩებში ჩვენი გუნდის საუკეთესო მოთამაშე, რომელიც ორგანიზატორებმა მატჩის შემდეგ დააჯილდოვეს. 

საქართველო 2005-ს ევროპის ლიგაში გამართული 10 მატჩიდან 8 გამარჯვება აქვს და 16-გუნდიან ცხრილში 3-4 ადგილებს მოსკოვის “დინამოსთან” იყოფს. 9-9 მოგება აქვთ მოსკოვის ცსკა-ს და კაუნასის “ჟალგირისს”, რომელიც 1-2 ადგილებზე იმყოფებიან. 

ევროპის ლიგის დასკვნითი – მე-3 წრე 21-24 მარტს ლატვიის ქალაქ ვენტსპილსში გაიმართება, რის შემდეგაც საუკეთესო 4 გუნდი ოთხთა ფინალში გააგრძელებს საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას.

საქართველო 2005 – დინამო (მოსკოვი, რუსეთი)
სტატისტიკა: 52:60