ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა “საქართველო 2006”-მა ტალინში მიმდინარე ევროპის 14-წლამდელთა ლიგაში 26 ოქტომბერს მორიგი მატჩები გამართა. პირველი დღის მსგავსად, ქართველებმა 1 მატჩი მოიგეს და ერთშიც დამარცხდნენ. საწყისი 2 მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდი ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდა. 25 ოქტომბერს, “ადმირალიტეისკაიასთან” მატჩში ფეხის ტრავმები მიიღეს გუნდის წამყვანმა მოთამაშეებმა – ნიკოლოზ აბულაძემ და გოგიტა ბუკიამ. მიმდინარე ევროპის ლიგაში ეს მოთამაშეები სტატისტიკით გუნდის ლიდერები იყვნენ და მატი გამოკლება დიდი დანაკლისი გახლდათ.
მომდევნო მატჩში, მოსკოვის “გლორიასთან” “საქართველო 2006”-მა იბრძოლა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მეტოქეს დარჩა – 48:54 (სტატისტიკა). 14 ქულითა და 14 მოხსნით ჩვენს გუნდში საუკეთესო გახდა ლუკა ახვლედიანი. 12 ქულა დააგროვა ბექა მაჭავარიანმა, ხოლო 9 – გურამ ცხადაძემ. მომდევნო შეხვედრაში ქართველებმა ლატვიური “ვენტსპილსი” გაანადგურეს – 101:22 (სტატისტიკა). 26 ქულით საუკეთესო იყო ლუკა ისაკაძე. 17 ქულა ლუკა მუჯირიშვილის ანგარიშზე დაგროვდა.
“საქართველო 2006” ევროპის ლიგის პირველი წრის ბოლო მატჩს 27 ოქტომბერს, ესტონურ ტტუ-სთან გამართავს, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდება.