ქართული კლუბების პერსპექტიული მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული გუნდი “საქართველო 2006” დაუმარცხებელია. ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა 14-წლამდელთა გუნდმა ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე წრეში 5-დან 5 მატჩი მოიგო, რითაც სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე გამყარდა და დიდი ალბათობით, პლეი ოფშიც გავა.
ევროპის ლიგის მე-2 წრეს ლატვიის დედაქალაქმა რიგან უმასპინძლა. საქართველო 2006-მა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა გერმანული “ქემნიცი”, ლიეტუვური “ვილნიუსი”. პოლონური “კომაროვი” და გერმანული “ქემნიცი”. ქართველების ბოლო მეტოქე ადგილობრივი, ლატვიური გუნდი “იუგლა” გახლდათ, რომელიც ჩრქეზიშვილის გუნდმა 89:27 (სტატისტიკა) დაამარცხა.
ფანტასტიკურად ითამაშა გოგიტა ბუკიამ, რომელმაც 24 წუთში 37 ქულა, 15 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზას აკადემიის გუნდის წევრმა 15-დან 12 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 12-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულით დაასრულა შეხვედრა ლუკა მუჯირიშვილმა, ხოლო ლუკა ახვლედიანის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა.
მე-2 წრის მოგების ნიშნად “საქართველო 2006” სპეციალური თასით დაჯილდოვდა, ხოლო მისი 2 წევრი – გოგიტა ბუკია და ნიკა აბულაძე ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს. ჩერქეზიშვილის გუნდი რიგიდან სამშობლოში დაბრუნდა, მე-3 და ბოლო წრის 5 შეხვედრას კი 27-29 მარტს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ჩაატარებს.