დასანანი, ერთქულიანი მარცხი ევროპის ახალგაზრდული ლიგის ფინალში. საქართველოს 14-წლამდელთა გუნდს, რომელმაც ბრწყინვალე ევროპული სეზონი ჩაატარა, მთავარი ტიტულის მოგებამდე მცირედი დააკლდა. ამროსი ორმოცაძისა და მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელშიც სეზონის მანძილზე 40-ამდე 14-წლამდელი მოთამაშე გამოიცადა, ლიგის ფინალში გავიდა, სადაც 60:61 (სტატისტიკა) დამარცხდა უნგრულ “რატგებერთან”.
იშვიათად ხდება, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ფინალში წაგებული გუნდის კალათბურთელი სახელდება, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ამ მხრივ ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილი გახლდათ. სუპერფინალური ტურნირის ყველაზე გამორჩეული მოთამაშე მათე ხატიაშვილი გახლდათ, რომელიც 1 თავით მაღლა იდგა ყველა ოპონენტზე. ფინალში მათემ 29 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, რომლის დასანანად წაგების შემდეგ ტურნირის MVP-ის ტიტული და მეორეადგილოსანისთვის განკუთვნილი თასი ჩაიბარა. მასვე გადაეცა სუპერფინალის ბომბარდირის პრიზი და რა თქმა უნდა, დასახელდა ტურნირის სიმბოლური ხუთეულის წევრად.
ევროპის ლიგაში ასპარეზობით ქართველმა 14-წლამდელებმა დიდი გამოცდილება მიიღეს, რომელიც მათ განვითარებას და კონკურენტუნარიან მოთამაშეებად ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ. მათე ხატიაშვილი ლატვიიდან ესპანეთში დაბრუნდება, სადაც ის “ბასკონიაში” ვარჯიშობს ამ კლუბსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 14-წლამდელთა გუნდმა ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში პირველ ეტაპზე 15 მატჩი გამართა, საიდანაც 10 მოიგო და დასკვნით ეტაპზე იასპარეზა. სუპერფინალს ლატვიის დედაქალაქმა უმასპინძლა, სადაც საქართველომ ძლიერი ლიეტუვური და ლატვიური გუნდები დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ტურნირზე “უაილდ ქარდით” მიწვეულ უნგრულ გუნდთან ქულით დამარცხდა. “რატგებერს” ამ სეზონში ევროპის ლიგაზე სუპერფინალამდე მონაწილეობა არ მიუღია.