საქართველოს 15 და 16 წლამდელთა ნაკრებებმა დაასრულეს ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე წრე. შეგახსენებთ, რომ მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა 16-წლამდელებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარეს 5 შეხვედრა, ხოლო ირაკლი ტომარაძის 15-წლამდელებმა – რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში.
ტომარაძის გუნდმა 17 და 18 იანვარს გამართული 4 მატჩიდან 3 მოიგო. 15-წლამდელების ბოლო მეტოქე გახლდათ ლატვიური “ვალმიერა”, რომელსაც ჩვენმა გუნდმა 66:53 (სტატისტიკა) სძლია. 20 ქულით საუკეთესო გახდა ლევან ძინძიბაძე. 13 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა ანრი ბელთაძემ, ხოლო თენგო გოგიშვილის ანგარიშზე 10 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.
ასე და ამგვარად, ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა 15-წლამდელებმა ევროპის ლიგის მე-2 წრე 4 მოგებითა და 1 მარცხით დაასრულეს და ლიდერთა შორის არიან. 2 წრის ჯამში ჩვენს გუნდს 8 მოგება და 2 მარცხი აქვს და ზუსტად ამ შედეგის მქონე “ტრინტასთან” (რუსეთი) და “სპორტა ბოდესთან” (ლატვია) ერთად 16-გუნდიან ევროპის ლიგაში 1-3 ადგილებს იყოფს.
ბოლო, მე-3 წრის 5 მატჩს საქართველო “2005” 12-15 მარტს ტიგაში გამართავს, რის შემდეგაც საუკეთესო გუნდები სუპერფინალში გავლენ და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები
რაც შეეხება საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს, რომელიც მე-2 წრის მატჩებს ლატვიის დედაქალაქში ატარებდა, გამართული 5 შეხვედრიდან 2 მოიგო. ჩვენი გუნდის ბოლო მეტოქე ჩეხური “ბრნო” გახლდათ, რომელმაც შეხვედრა 56:44 (სტატისტიკა) მოიგო. ამ შეხვედრამდე ქართველების ანგარიშზე 2-2 მოგებ-წაგება იყო, თუმცა ჩვენმა გუნდმა ვერ მოახერხა დადებითი ბალანსის ჩვენება და ამ მომენტისთვის, საერთო ჩათვლაში, 5 მოგებითა და 5 მარცხით მე-7 ადგილზეა. ჩეხებთან მატჩში 12 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ლუკა კუჭუხიძე. 9 ქულა და 6 მოხსნა გიორგი სულაბერიძემ მიითვალა. გიორგი ოჩხიკიძის ანგარიშზე კი 7 ქულა დაგროვდა.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ლიგის მე-3, დასკვნით წრეს 12-15 მარტს პოლონეთის ქალაქ პოზნანში ჩაატარებს.