საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩი ნორვეგიურ “ოსლოს” მოუგო. ალექსი ჯაფარიძისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილ ჩვენს ნაკრებს ევროპის ლიგის მესამე წრეში 3 მოგება და 1 მარცხი ჰქონდა, ბოლო მატჩში კი სკანდინავიურ “ოსლოს” 54:29 სძლია.
მოგებების რაოდენობაზე მეტად ამ ეტაპზე საინტერესოა პასუხი კითხვაზე: კავიდა თუ არა საქართველოს ნაკრები ოთხთა ფინალში? ამ კითხვაზე პასუხი გვეცოდინება 25 მარტს, როცა დასრულდება მოსკოვური ტური, რომელშიც ტურნირის მონაწილე სხვა გუნდები ასპარეზობენ. საქართველოს ნაკრები ამჯერად კი გახლავთ ოთხთა ფინალში გამსვლელ მეოთხე ადგილზე (იხილეთ ბოლოში წარმოდგენილი ცხრილი), მაგრამ ჩასატარებელია კიდევ ერთი წრე, რის შემდეგაც რეგულარული ჩემპიონატის ცხრილი საბოლოო სახეს მიიღებს.
რაც შეეხება ბოლო მატჩს, ქართველებმა სკანდინავიელი მეტოქე საკმაოდ იოლად დაამარცხეს. “ოსლოსთან” 54:29 მოგებულ მატჩში ჩვენს ნაკრებს საბა მურღულიამ ულიდერა, რომელმაც 12 ქულა მიითვალა. 10 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა გუჯა ხვედელიძემ, ხოლო შალვა ჭეიშვილის ანგარიშზე 9 ქულა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ლიგის რეგულარული ჩემპიონატი დაასრულა და ახლა მეტოქეების მატჩებს ელოდება, რის შემდეგაც სატურნირო ცხრილი საბოლოო სახეს მიიღებს და იმ 4 საუკეთესოს გამოარკვევს, რომლებიც საპრიზო ადგილებისთვის ოთხთა ფინალში ითამაშებენ.
ლატვიური ტურის დასრულების შემდეგ გუნდები დააჯილდოვეს. საქართველოს ნაკრებს შესაბამისი თასი და მედლები ერგო. ჩვენი გუნდის წევრი, გუჯა ხვედელიძე ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა და შესაბამისი ჯილდიც გადაეცა.
საქართველო – ოსლო (ნორვეგია)
სტატისტიკა: 54:29