ბათუმში მიმდინარე შავი ზღვის თასის გათამაშებაზე ფინალისტები გამოვლინდნენ. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ერთმანეთს საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები და ამ ასაკის მოზარდებისგან დაკომპლექტებული კაუნასის “ჟალგირისი” შეხვდნენ. მატჩი ლიეტუველთა გამარჯვებით – 71:66 დასრულდა და გაირკვა, რომ ეს გუნდები დაიკავებენ ჯგუფში 1-2 ადგილს.
შესაბამისად, ფინალშიც საქართველო და “ჟალგირისი” შეხვდებიან, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში 3-4 ადგილებზე გასული გუნდები “ზაზა” და აჭარის ნაკრები დაუპირისპირდებიან. საქართველოს ნაკრებს ტურნირზე 2-დან 2 გამარჯვება და ფინალის საგზური ჰქონდა მოპოვებული. “ჟალგირისს” კი ფინალში გასასვლელად მხოლოდ საქართველოს ნაკრების დამარცხება სჭირდებოდა, რადგან ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში “ზაზა” აჭარის ნაკრებს ხვდებოდა და გამარჯვების შემთხვევაში ლიეტუველებს ფინალში არ უშვებდა.
ბალტიურმა გუნდმა ძალიან მოინდომა და მთელი თამაში მობილიზებულად ითამაშა, რაც დაუფასდა კიდეც და საბოლოოდ 71:66 იმარჯვა. მესამე პერიოდის შუაწელში კაუნასელები 19 ქულით იგებდნენ და თითქოს არაფერი ემუქრებოდათ, მაგრამ ქართველებმა შტურმი მოაწყვეს და პერიოდის ბოლომდე ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირეს, ბოლო მეოთხედის შუაში მეტოქეს სულაც 1 ქულით მიუახლოვდნენ – 60:61. “ჟალგირისი” კაიუს კუბლუცკასმა გადაარჩინა, რომელმაც მიჯრით 2 სამქულიანი ჩააგდო და “ჟალგირისი” მიუწვდომელი გახადა.
საქართველოს ნაკრებში ტურნირზე პირველად ითამაშა სანდრო კასაბურმა, რომელიც ნაკრებს დღეს შეუერთდა. კასაბური საუკეთესო იყო და არასრულ 24 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. 10-10 ქულა მიითვალა სამმა ქართველმა – კოკა კაკულიამ, ცოტნე ვაშაყმაძემ და გიორგი სულაბერიძემ.
შავი ზღვის თასის ფინალში საქართველო და “ჟალგირისი” 29 ივნისს, 18:00 საათზე ითამაშებენ, 16:00-ზე კი მესამე ადგილისთვის “ზაზა” აჭარის ნაკრებს დაუპირისპირდება. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი დღეს, 21:00 საათზე დაიწყო, თუმცა “ზაზას” და “აჭარის ნაკრების მატჩის შედეგი ფინალისტებს და ბრინჯაოს მატჩის მონაწილეებს ვერ შეცვლის.
“ზაზა” – აჭარის ნაკრების ტექსტურ ლაივ-სტატისტიკას თვალი ადევნეთ ჩვენი ვებ-გვერდის ბმულზე: http://www.fibalivestats.com/u/GEO/1291759/bs.html
საქართველო U15 – ჟალგირისი U15
სტატისტიკა: 66:71