თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატში ფინალისტები გამოვლინდნენ. დედაქალაქის საუკეთეს გუნდის გამოსავლენ მატჩში ერთმანეთს ზაზა ფაჩულიას აკადემიისა და ” ჰიუნდაის” პირველი გუნდები შეხვდებიან. შესაბამისად, მესამე ადგილისთვის ნახევარფინალში დამარცხებული გუნდები – “იბერი 1” და “ვინგსი 1” დაუპირისპირდებიან.
20 ნოემბერს გამართული ნახევარფინალებიდან განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა “ზაზა 1”-ისა და “ვინგსი 1”-ის დაპირისპირება. შეხვედრის ბედი ბოლო წამზე, ზაზას აკადემიელთა სასარგებლოდ გადაწყდა, რომლებიც ბოლო პერიოდის წინ 10 ქულით ჩამორჩებოდნენ, ხოლო მანამდე 14-16 ქულითაც აგებდნენ. ვინდსელთა ლიდერები პერსონალური ჯარიმებით დაიტვირთნენ და რამენიმე მათგანს ბოლო პერიოდში მოედნის დატოვება მოუხდა. აკადემიელები, რომლებიც ბოლო პერიოდში აშკარად უკეთ თამაშობდნენ და გადამწყვეტი შტურმისთვის ემზადებოდნენ, სასურველი შედეგის დაფიქსირება შეძლეს. გამარჯვების ბურთი, როცა ანგარიში თანაბარი იყო, ზაზას აკადემიელებმა საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე ჩააგდეს და 63:61 გაიმარჯვეს.
არ გამოდგა დაძაბული მეორე ნახევარფინალი. “ჰიუნდაი 1” ერთი თავით მაღლა იდგა “იბერი 1”-ზე. ირაკლი ჩერქეზიშვილის და დავით მაისურაძის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა ყველა პერიოდი დამაჯერებლად მოიგეს და საბოლოოდ “იბერი 1” 82:44 დაამარცხეს.
ფინალური მატჩი ოლიმპიურ სასახლეში 21 ნოემბერს, 17:30 საათზე გაიმართება, მანამდე კი, 15:45-ზე მესამე ადგილისთვის “იბერი 1” და “ვინგსი 1” შეხვდებიან.