საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპეციალური პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ბავშვთა გუნდი ჩაერთო ბალტიის ლიგის გათამაშებაში. ჟოლივეტ ტუჯანისა და ლაშა თოიძის გაწვრთნილი ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი ფედერაციის თანადაფინანსებით ესტონეთში იმყოფებოდა, სადაც 15-17 ნოემბერს 13-წლამდელთა ბალტიის ლიგის პირველი წრე გაიმართა.
პროგრამა მიზნად ისახავს ბავშვთა გუნდების ფინანსურ დახმარებას საიმისოდ, რომ განვითარდნენ და მათმა მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ. პროგრამის ნაწილი ხდება ის გუნდი, რომელიც წარმატებით იასპარეზებს Junior NBA-GBF ლიგაში. “ზაზა” გასულ სეზონში ჩემპიონი გახდა და მეორეადგილოსან “ქუთაისთან” და ბრინჯაოს მფლობელ “იბერთან” ერთად ბალტიის ლიგაში სამონაწილეოდ დაფინანსება მიიღო.
ზაზას აკადემიელებმა ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს. ტუჯანისა და თოიძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი წრის ხუთივე მატჩი მოიგო და 17-გუნდიან ჯგუფს ლატვიაურ “რიჟდანესთან” ერთად ლიდერობს. ზაზას აკადემიელებმა ყველა მატჩი დამაჯერებლად მოიგეს, მცირე ბრძოლა კი ფინურ “კოტკასთან” გადახდათ. პირველივე მატჩში ფინელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ქართულ კლუბს, თუმცა ზაზას აკადემიელებმა 57:53 იმარჯვეს. მომდევნო მატჩებში “ზაზამ” დამაჯერებლად იმარჯვა და პირველი წრის შემდეგ ბალტიის ლიგის ლიდერია.
კოტკა (ფინეთი) – ზაზას აკადემია 53:57 (სტატისტიკა)
ზაზას აკადემია – ურა ბასკეტი (ფინეთი) 44:31 (სტატისტიკა)
ვიიმსი (ესტონეთი) – ზაზას აკადემია 15:70 (სტატისტიკა)
ზაზას აკადემია – მარუპსი (ლატვია) 67:30 (სტატისტიკა)
ზაზას აკადემია – ადმირალიტეისკაია (რუსეთი 55:33 (სტატისტიკა)
13-წლამდელთა ბალტიის ლიგის წლევანდელ გათამაშებაში 45 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 3 ჯგუფში არიან განაწილებულნი. “იბერი” და “ზაზა” კიდევ 16 გუნდთან ერთად “ა” ჯგუფში არიან თავმოყრილნი. “იბერს” 5-დან 3 მოგება აქვს, “ზაზა” კი, როგორც ვთქვით, ჯგუფის ლიდერია. “ქუთაისი 2007” სხვა ჯგუფშია და 5-დან 4 მოგებით ისიც ლიდერთა შორისაა.
“ზაზას აკადემია” მეორე წრის მატჩებს მომავალი წლის იანვარში გამართავს.