თბილისის ჩემპიონი 14-წლამდელთა შორის გახდა ზაზა ფაჩულიას აკადემიის პირველი გუნდი, რომელმაც ფინალურ მატჩში დიდი უპირატესობით, 95:50 დაამარცხა “ჰიუნდაი 1”. დავით მუმლაძისა და ვასილ კუტალაძის გაწვრთნილი გუნდი, რომელსაც მონიტორინგს სერბი სპეციალისტი, ზორან პენო უწევს, ყოველგვარი პრობლემისა და გართულების გარეშე დაამარცხა საფინალო მეტოქე და დედაქალაქის საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვა.
როგორც ანგარიშიდან ჩანს, შეხვედრა ზაზას აკადემიელთა დიდი უპირატესობით წარიმართა. დასაწყისიდან ბოლომდე აკადემიელთა უპირატესობა აშკარა იყო. გამარჯვებულებს 18 ქულით ულიდერა ლუკა მუჯირიშვილმა, ხოლო გურამ ცხადაძის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. ფინალური მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი, სადაც მეორე ადგილზე გასული ჰიუნდაელები მედლებითა და სიგელებით თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ძიძიგურმა და გამგეობის წევრმა მამუკა ლომიძემ დააჯილდოვეს. მათვე გადასცეს ოქროს მედლები და სიგელები ჩემპიონ ზაზას აკადემიელებს.
ტურნირის ყველაზე გამორჩეულ მოთამაშედ ზაზას აკადემიის წევრი ლუკა მუჯირიშვილი დასახელდა, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა – ზაზა ღონღაძემ დააჯილდოვა. გამარჯვებულებს საჩემპიონო თასი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ძიძიგურმა გადასცა.