ფევაძეს რუმინულ დებიუტში ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

ფევაძეს რუმინულ დებიუტში ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი, რომელიც ძირითად გუნდშიც არაერთხელ მოხვედრილა, კარიერას რუმინეთის უმაღლეს ლიგაში აგრძელებს. ალექსანდრე ფევაძე კლუბ “ლაგუნა შარქზის ღირსებას იცავს და რუმინეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ბუქარესტელები რუმინეთის ჩემპიონატის სასტარტო ტურში “ვოლუნტარის| ესტუმრნენ და 53:70 დამარცხდნენ. 24 წლის ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი – 31:31 წუთი ითამაშა. ფევაძემ 10 ქულა, 9 მოხსნა (4 შეტევაში), 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

მან 6-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ. ფევაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და ეს, სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

ლაგუნა შარკსი მომდევნო ტურის მატჩში 8 ოქტომბერს ტიმიშოარას უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ფევაძე რუმინეთში გადასვლამდე ესპანეთში გრან კანარია II-ის ღირსებას იცავდა, ევრობასკეტი 2022-ზე კი საქართველოს ნაკრების 12-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა.