საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ნახევარფინალში გავიდა და ელიტარულ, A ლივიზიონში ასანაცვლებლად 1 მოგება აკლია. თუკი ქართველები მომდევნო მატჩს მოიგებენ და B დივიზიონის ფინალში გავლენ, A დივიზიონის საგზურს გაინაღდებენ და B დივიზიონის ჩემპიონობისთვის ფინალში ითამაშებენ. გამომდინარე იქიდან, რომ ელიტის საგზურს 3 საუკეთესო ნაკრები იღებს, ნახევარფინალის წაგების შემთხვევაში საქართველოს მე-3 ადგილისთვის მატჩის მოგებაც მოუტანს A დივიზიონის საგზურს, თუმცა ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილი გუნდი ისე კარგად თამაშობს, რომ მხოლოდ პირველი ადგილი, B ლიგის ჩემპიონობა აქვს მიზნად დასახული.
ჩვენმა ნაკრებმა მეოთხედფინალურ მატჩში ბრძოლისა და გააზრებული თამაშის მაგალითი აჩვენა. ქართველებმა კლასიკურად მოუგეს საკმაოდ ძლიერ მეტოქეს. ესტონეთს 16-წლამდელთა კარგი თაობა ჰყავს და 1 თვის წინ გამართულ სპარინგ-მატჩში ქართველები დამარცხებულიც ჰყავდათ. ესტონელები იგებდნენ დღესაც და საკმაოდ სოლიდურადაც. პირველი პერიოდის შემდეგ ესტონეთი 13 ქულით – 24:11 იგებდა, თუმცა ბალტიელთა დომინირება მალევე დასრულდა. მეორე პერიოდში ქართველებმა თამაში გამოაკეთეს, რაც მწვრთნელთა მიერ სწორად შერჩეული ტაქტიკის და რა თქმა უნდა, მოთამაშეთა მიერ მიღებული დავალებების ზუსტად შესრულების მიზეზით მოხდა.
მეორე პერიოდი ჩვენებმა 17:11 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ. მთავარი ამბები მესამე ათწუთეულში მოხდა, როცა ქართველებმა მეტოქეს პერიმეტრი გადაუკეტეს, სამწამიანში კი ავთანდილ ბახტაძე მეტოქეებს მაქსიმალურად ზღუდავდა. საბოლოოდ ქართველებს მეტოქეზე 14 მოხსნით მეტი დაუგროვდა და გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ეს გახლდათ. კარგი დაცვის ფონზე ჩვენებს შეტევებიც წაუვიდათ და გუნდური თამაშით საქართველომ საკვანძო მე-3 პერიოდი 24:13 მოიგო. ესტონეთი ბოლო პერიოდის წინ 4 ქულით ჩამორჩა, რაც ზოგადად ბევრი არ იყო, თუმცა თამაშის დინამიკა იმგვარი იყო, ბალტიისპირელებს რაღაცა უნდა შეეცვალათ. პრესინგმა არ გაუმართლათ, სროლებიც ვერ ჩააგდეს – ქართველების დაცვა მედგრად ეღობებოდა ესტონლებს და მალე, თამაშის დასრულებამდე 3-4 წუთით ადრე ქართველების უპირატესობამ 10 ქულას უწია.
აქ კი ყველაფერი გაირკვა. ესტონეთი არ ჰგავდა გუნდს, შემართული ქართველების ლიდერობა რომ გაებათილებინა და გაემარჯვა. საბოლოოდ ცინცაძე-ტყეშელაშვილის გუნდმა 13-ქულიან გამარჯვებას მიაღწია – 79:66 (სტატისტიკა) და ნახევარფინალში გავიდა. გამარჯვებულთაგან ილია სულაძე და ავთანდილ ბახტაძე გამოირჩნენ. პირველმა 13 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა, ბახტაძის ანგარიშზე კი 16 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა. 13 ქულა და 4 მოხსნა გერა ჭეიშვილის ანგარიშზეა, გიორგი ნიკოლაევმა ჩვენს გუნდს 11 ქულა და 7 მოხსნა მოუტანა.
საქართველოს ნაკრები ნახევარფინალურ მატჩს ან ხორვატიასთან, ან სლოვაკეთთან გამართავს. ამ გუნდების მეოთხედფინალური მატჩი საღამოს 6 საათისთვის დასრულდება, თუმცა დიდი ალბათობით გამარჯვებული ხორვატია გამოვა. ნახევარფინალური მატჩი ნიკა ცინცაძის გუნდს 12 აგვისტოს, თბილისის დროით 21:30 საათზე ელის.