შერმადინი ესპანეთის თასის ნახევარფინალშია – 12 ქულა ბურგოსთან

შერმადინი ესპანეთის თასის ნახევარფინალშია – 12 ქულა ბურგოსთან

გიორგი შერმადინის გუნდი ესპანეთის თასის გათამაშების ნახევარფინალშია. ლენოვო ტენერიფემ თასის მეოთხედფინალურ მატჩში თად მაკფადენის ბურგოსი 87:76 დაამარცხა. შეხვედრა მადრიდში გაიმართა, სადაც ესპანეთის ლიგა ენდესას 8 საუკეთესო გუნდმა მოიყარა თავი და 14 თებერვალს სამეფო თასის მფლობელს გამოავლენს. 

შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23:2 წუთში 12 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ტენერიფელთა ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის ინდექსმა 18 შეადგინა, რაც 1-ით ნაკლებია გამარჯვებულთაგან საუკეთესო ბრუნო ფიტიპალდოს შედეგთან. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა თად მაკფადენმა 27 წუთში მხოლოდ 9 ქულა ჩააგდო.

გიორგის გუნდის მეტოქე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში მადრიდის რეალი იქნება. ნახევარფინალები 13 თებერვალსაა დაგეგმილი, ხოლო ფინალი – 14-ში. ყველა მატჩს რეალის WiZink Center უმასპინძლებს.