ასაკობრივი ჩემპიონატებიდან დარჩენილი 16-წლამდელთა B და C ლიგები სტარტს იანვარში აიღებს. კალენდარი რამდენიმე დღეში შედგება, გუშინ კი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აღნიშნული ლიგების წილისყრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა, რომელიც სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების დირექტორმა, გიორგი ჯაფარიძემ თანაშემწეებთან ერთად ჩაატარა.
16-წლამდელთა B ლიგაში სტანდარტულად, როგორც ყველა ასაკის ამ კატეგორიის ლიგაში, 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ეს არიან გუნდები, რომლებმაც საკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად მოიპოვეს B ლიგაში ადგილი, ნაწილი კი A ლიგიდან დაქვეითდა.
24 გუნდი 6 ჯგუფში გადანაწილდა. თითო ჯგუფში 4 გუნდია და ისინი რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში 2 წრედ ითამაშებენ. პლეი ოფში თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გავა (12 გუნდი), რომლებსაც 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი შეუერთდება და 16 გუნდი საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მერვედფინალიდან გააგრძელებს.
რაც შეეხება 16-წლამდელთა C ლიგას, აქ ყველაზე მეტი – 80 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 10 ჯგუფში გადანაწილდნენ. რეგულარული ჩემპიონატის ფარგლებში ჯგუფებში გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ და შემდეგ ეტაპზე, ანუ მერვედფინალში 16 საუკეთესო გავა: 10 პირველადგილოსანი და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი.