Unguarded – ასე ჰქვია ინდივიდუალური მომზადების სკოლას, რომელიც ახალგაზრდა კალათბურთელებს თამაშისთვის აუცილებელი თვისებების დახვეწასა და გაუმჯობესებაში ეხმარება. რუსთავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არსებულ სექციას ყოფილი კალათბურთელი ქაქუცა აბაიშვილი უძღვება, რომელიც მოზარდთა არა მხოლოდ ფიზიკური განვითარებისთვის ზრუნავს. კორონავირუსის გამო შემოღებული კარანტინი ქაქუცამ გონივრულად გამოიყენა და Instagram-ზე გააკეთა Unguarded-ის გვერდი, სადაც ცნობილ ქართველ მოთამაშეებსა და მწვრთნელებს Live-რეჟიმში კალათბურთთან დაკავშირებულ თემებზე სასაუბროდ ახალგაზრდებთან ახვედრებს.
- Unguarded – ამ სიტყვას ქართულში ზუსტი შესატყვისი არ მოეძებნება, თუმცა ის ზედგამოჭრილია ისეთ კალათბურთელისთვის, რომლის მეურვეობაც ძალიან ძნელია – გვესაუბრება ქაქუცა აბაიშვილი – ეს სიტყვა მე მოვისმინე ჩემთვის საუკეთესო მოთამაშის – ვასილის სპანულისის დახასიათებისას და როცა ინდივიდუალური მომზადების სექციის გახსნა გადავწყვიტე, სახელის დარქმევაზე ბევრი არ მიფიქრია.
- ინდივიდუალური მომზადების იდეა მომივიდა ჩემი გამოცდილების კარგად გაანალიზების შემდეგ. თუ რა მაკლდა მე მაშინ, როცა ვთამაშობდი კალათბურთს. რა მჭირდებოდა საიმისოდ, რომ ვყოფილიყავი უკეთესი. აქედან გამომდინარე გამიჩნდა იდეა, დავხმარებოდი მოთამაშეებს, ყოფილიყვნენ უფრო მეტად თავდაჯერებულები საკუთარ თავში, უფრო მეტი ევარჯიშათ იმ დეტალებზე, რასაც ჰქვია, ასე ვთქვათ, ფუნდამენტური სწავლება, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს კალათბურთში.
- ჩვენ ვვარჯიშობთ რუსთავის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დარბაზში. სექციაში 30-ზე მეტი მოზარდია, თუმცა მათი რიცხვი იმატებს. Unguarded-ის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე არა მხოლოდ რუსთავიდან, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდანაც მწერენ და ინტერესდებიან მსგავსი ტიპის ვარჯიშებით. ეს ძალიან მისასალმებელია, რადგან ბავშვებს აქვთ სურვილი, განვითარდნენ და კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ იმ დეტალებს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს კალათბურთის თამაშის დროს და რომლებიც დიდად დაეხმარებიან, მოედანზე საკუთარი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინონ.
- მსოფლიოში კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, მომივიდა იდეა, რომ Instagram-ზე გამეკეთებინა ლაივ-ჩართვები ცნობილ ქართველ კალათბურთელებთან და მწვრთნელებთან, რათა ჩვენი სკოლის ბავშვებს და არა მხოლოდ მათ ჰქონოდათ შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ თეორიული ცოდნა და გაცნობოდნენ თითოეულ იმ ნაბიჯს, რითაც მათ მიაღწიეს წარმატებას. ვფიქრობ, ეს ლაივებ-ჩართვები დიდად ეხმარება მათ, რათა გაიღრმავონ ცოდნა წარმატებული მოთამაშეებთან და მწვრთნელებთან შეხვედრით. მოგეხსენებათ, 2 თვეზე მეტია, ჩამოვშორდით ჩვენს საყვარელ საქმიანობას და ამით ვცდილობ, რომ ბავშვები და არა მხოლოდ ისინი ახლოს იყვნენ კალათბურთთან. ამ საქმიანობიდან მეც დიდი სიამოვნება მივიღე, რადგან ისეთი ცნობილი კალათბურთელები ჩაერთვნენ ინსტაგრამ-ლაივში, როგორებიც არიან თორნიკე შენგელია, ვიქტორ სანიკიძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე, გიორგი ბეჟანიშვილი, ასევე სუპერლიგის მწვრთნელები – ირაკლი ხოშტარია, კოტე ტუღუში, ლექსო ლაფანაშვილი, დიმიტრი ჯაკობოვი, ლაშა გამყრელიძე და სხვანი და სხვანი… არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა მათგანს, რომლებმაც გამონახეს დრო და სახლში დარჩერნილ ახალგაზრდა კალათბურთელებს მათთვის საინტერესო თემებზე ესაუბრნენ.
- ვირუსი ნელ-ნელა უკან იხევს და იმედი მაქვს, ჩვენც მალე დავუბრუნდებით ჩვენს საყვარელ საქმეს. შესაბამისად, კალათბურთელები და მწვრთნელები კალათბურთით დაკავდებიან და გართულდება ლაივ-ჩართვების გაკეთება, მაგრამ ვნახოთ, გამორიცხული არაფერია.
იპოვეთ Unguarded:
Facebook-ზე ინდივიდუალური საკალათბურთო მომზადება
Instagram-ზე unguarded_bball