16-წლამდელებმა მორიგი ტური აკადემიის დარბაზში დაასრულეს

16-წლამდელებმა მორიგი ტური აკადემიის დარბაზში დაასრულეს

 ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა 16-წლამდელთა
ჩემპიონატის  მორიგ ტურს უმასპინძლა.

დღის პირველ
მატჩში ერთმანეთს ავერსი 2 – და ,,ლომები“ დაუპირისპირდნენ, სადაც ,,ლომებმა“
51:35 დაამარცხეს მეტოქე.

 აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ჩემპიონატში ეს ,,ლომების” პირველი გამარჯვებაა.  თავდაპირველად მატჩი ,,ავერსის“ სასარგებლოდ წარიმართა,
რომელიც დიდ შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით, 26:19 გავიდა. სულ სხვაგვარი გამოდგა
მესამე პერიოდი, სადაც ,,ლომები“ გააქტიურდნენ 
და წინ 36:32 გავიდნენ, ხოლო  დასკვნით
მეოთხედში მეტოქეს შანსიც არ დაუტოვეს და პირველი მოგება გაიფორმეს. ,,ავერსის“ შემადგენლობაში
ორმაგი დუბლით, 10 ქულითა და 12 მოხსნით გიორგი რეხვიაშვილი გამოირჩა, ხოლო ,,ლომების“
გუნდში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ შეასრულა. თემურ ზედგენიძემ 19 ქულა და
ამდენივე მოხსნა მიითვალა, ხოლო საბა ბერუაშვილის ანგარიშზე 16 ქულა და 18 მოხსნაა.
 

დებიუტანტმა ,,კაკტუსმა“ რუსთავი 2 – უმასპინძლა, თუმცა
მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და მორიგი მარცხი განიცადა – 36:97. მატჩი რუსთაველთა სრული
უპირატესობით წარიმართა, რომელთაც ყველა კომპონენტში აჯობეს მეტოქეს და დამსახურებული
გამარჯვება მოიპოვეს.  ,,კაკტუსის“ მხრიდან
 ხვიჩა ხოსიტაშვილი გამოირჩა, რომელიც 23 ქულითა
და 10 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა, ხოლო რუთაველებს 33 ქულით გიგი გოგობერისვილმა
ულიდერა. ორმაგი დუბლი მიითვალა გოგობერიშვილის თანაგუნდელმა კონსტანტინე ბიწაძემ,
რომელმაც 20 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა.   

  საინტერესო
და დაძაბული გამოდგა ,,აკადემიისა“ და ავერსი 
1-ის  შეხვედრა, სადაც გამარჯვება ავერსის
გუნდს დარჩა –  59:56. შეხვედროს საწყისს ათწუთეულში
უპირატესობა ავერსელებმა მოიპოვეს, თუმცა მეორე მეოთხედში აკადემიელები გააქტიურდნენ
და ტაიმში 5 ქულის სხვაობით 30:25 იმარჯვეს. მესამე ათწუთეულში ავერსელებმა არ დაუთმეს
მეტოქეს და მინიმალური სხვობა დააფიქსირეს – 33:34. გადამწყვეტი გამოდგა მეოთხე დასკვნითი
პერიოდი, რომელიც გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მატჩის ძირითადი დროის
დასრულებამდე 2.07 წუთით ადრე აკადემიელებმა თავიანთ სასარგებლოდ 56:55 დააფიქირეს,
თუმცა დარჩენილ დროში ,,ავერსმა“ კვლავ შეძლო უპირატესობის მოპოვება და მატჩის მიწურულს
8.0 წამით ადრე საფინალო ანგარიში ააფიქსირა – 59:56. ,,აკადემიამ“ დარჩენილ დროში
ვერაფერი მოახერხა და მარცხი განიცადა.  ავერსი
1-ის შემადგენლობაში ორმაგი დუბლით თავი ერბაშად სამმა კალათბურთელმა გამოიჩინა. ლუკა
მაჩაიძემ 18 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა, სოსო ღონღაძემ – 11 ქულა და 12 მოხსნა, ხოლო
ვატო ქვარაიას ანგარიშზე 10 ქულა და 19 მოხსნაა. ,,აკადემიის“ შემადგენლობაში
15  ქულით საუკეთესო ნიკა ცინცაძე იყო, ხოლო
11 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი რატი ნონიკაშვილმა გაიფორმა.   

კარდინალი 2-მა უმასპინძლა ,,ქუთაისს“ და უშანსოდ,
41:92 დამარცხდა. ,,ქუთათურებმა“ ყველა პერიოდში აჯობეს მეტოქეს და იოლი გამარჯვება
მოიპოვეს. მოგებულებს ორმაგი დუბლით 20 ქულითა და 17 მოხსნით დიმიტრი ინანეიშვილმა
ულიდერა, ხოლო ,,კარდინალს“ 9 ქულა მირიან ამოევმა შესძინა.

შსს აკადემიასა და თსსუ-ს დაპირისპირება სამედიცინოს
გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქეს ანგარიშით 51:39 სძლია. მატჩის საწყისი ათწუთეული
,,მედიკოსთა“ უპირატესობით წარიმართა, ხოლო მეორე მეოთხედში ,,ძალოვნები“ გააქტიურდნენ
და სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანეს – 22:26.  მეორე
ტაიმი სამედიცინოს სრული უპირატესობით წარიმართა, რომელმაც მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა
და  შეხვედრა მოგებით დაასრულა.  შსს აკადემიას შემადგენლობაში ორმაგი დუბლით 20 ქულითა
და 27 მოხსნით ვილი ისიანი გამოირჩა, ხოლო თსსუ- გუნდს 18 ქულით გიორგი დარსალიამ ულიდერა.
ორმაგი დუბლი შეასრულეს ლუკა ზაქარაძემ და ნიკოლოზ ლომიძე. ზაქრაძემ 14 ქულა და 11მოხსნა
მიითვალა, ხოლო ლომიძის ანგარიშზე 13 ქულა და 16 მოხსნაა.

დღის ბოლოს შედგა 
,,ზაზასა“ და AXE-ს დაპირისპირება, სადაც ,,ზაზამ“ დამაჯერებელი გამარჯვება
მოიპოვა – 75:48. მოგებულებს 28 ქულით თორნიკე რაზმაძემ ულიდერა, რომელმაც 9 მოხსნაც
მიითვალა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნაღა დააკლდა, ხოლო AXE-ს  რიგებში 25 ქულით თავი გიორგი თევდორაშვილმა გამოიჩინა.