16-წლამდელთა ჩემპიონატში პლეი ოფისთვის გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობს

16-წლამდელთა ჩემპიონატში პლეი ოფისთვის გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობს

16-წლამდელთა ჩემპიონატის A ლიგაში, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს ჩემპიონის ტიტულს მიიღებს, რეგულარული ჩემპიონატი სრულდება. ჩასატარებელი 12 ტურიდან უმეტესობას 10-11 მატჩი აქვს გამართული. ჩვენ საკვანძო მომენტებზე შევაჩერებთ ყურადღებას  – იქ, სადაც პლეი ოფში გამსვლელი გუნდების ვინაობა უნდა გაირკვეს. 

 

შეგახსენებთ, რომ თითოეული ჯგუფიდან მეოთხედფინალში 4-4 საუკეთესო გადის. A ჯგუფში აკადემია და ოვერტაიმი პლეი ოფში გასულები არიან, ხოლო კიდევ 2 საგზურისთვის 3 გუნდი – თბილისი ბასკეტი, თელავი და დინამო იბრძვიან. უპირატეს სიტუაციაში თბილისი ბასკეტია, რომელსაც 10 მატჩიდან 6 მოგება აქვს მოპოვებული. თელაველებს და დინამოს კი 9-9 მატჩი აქვთ ჩატარებული და კახელებს დინამოზე ერთით მეტი – 5 მოგება აქვს მოპოვებული.

 

B ჯგუფში სატურნირო თვალსაზრისით უაღრესად საინტერესო მატჩები დღეს გაიმართა. ჰიუნდაის და რუსთავს პლეი ოფში თამაში გარანტირებული აქვთ, ხოლო დარჩენილი 2 საგზურისთვის ზაზა, ბრუკლინი და ქუთაისი იბრძვიან. დღეს ზაზას აკადემიამ ქუთაისში მოიგო, რითაც უშუალო კონკურენტს პლეი ოფში გასვლის შანსები ძალიან შეუმცირა, ხოლო ბრუკლინმა ვინგსს სძლია და მეოთხედფინალში გამსვლელ, მე-4 ადგილზე დამკვიდრდა. 

 

ბრუკლინზე ერთი წაგებით ნაკლები აქვს ქუთაისს, თუმცა ამ გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ბრუკლინელებს აქვთ. ქუთაისს 2 მატჩი აქვს დარჩენილი ლიდერ ჰიუნდაისთან და მეორეზე მყოფ რუსთავთან და ბრუკლინს რომ პლეი ოფში შეასწროს, ორივე მოგება სჭირდება.