16-წლამდელთა მორიგი ,,ოვერტაიმი”
16-წლამდელთა ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. ფინალში ერთმანეთს ,,შსს აკადემია’’ და ,,მართვე-2’’ დაუპირისპირდებიან.
ორივე გუნდმა ფინალური საგზური ნახევარფინალის გადამწყვეტ, მესამე თამაშში მოიპოვა.
მიმდინარე ჩემპიონატთან დაკავშირებით ,,შსს აკადემიის’’ ლიდერ მოთამაშეებს,
ვილი ისიანსა და ლევან გოგალაძეს ვესაუბრეთ.
ახალგაზრდა და პერსპექტიულმა კალათბურთელებმა
თავიანთ კარიერასა და სპორტულ ცხოვრებაზე საინტერესოდ ისაუბრეს.
–
რას იტყვით ნახევარფინალურ სერიაზე, რომელშიც ,,რუსთავი’’ 2:1 დაამარცხეთ
და ფინალური საგზური მოიპოვეთ?
ლევანი: პირველ თამაშს კარგად მომზადებულები ვერ შევხვდით,
დასვენებულები ვიყავით და შეთამაშება გვაკლდა, ამიტომ ვერ ვიასპარეზეთ კარგად.
მეორე შეხვედრაც ჩვენი შეცდომების გამო წავაგეთ. გადამწყვეთ მატჩში კი ჩვენი თამაში
ვითამაშეთ, თავიდანვე დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ და ფინალშიც გავედით.
ვილი: სერიის პირველ თამაშში ძალიან ცუდი დაცვა ვითამაშეთ,
ამდენი შეცდომა სეზონის არც ერთ შეხვედრაში
არ გვქონია. ყოველთვის წინააღმდეგობის გარეშე, მარტივად ვიგებდით და ამიტომ გაგვიჭირდა.
მეორე მატჩში კიდევ უფრო მეტი ხარვეზი გვქონდა, რის გამოც დავმარცხდით. ცუდად ვითამაშე
და ალბათ, ჩემი ბრალიც იყო ეს მარცხი. უნდა აღვნიშნო ლევანის ძალიან კარგი თამაში,
მის გარეშე შეიძლებოდა დიდი სხვაობით წაგვეგო. თუმცა, აუცილებელიც იყო დამარცხება,
რათა უფრო მეტი მოტივაციით და მობილიზებით გვეთამაშა და მესამე შეხვედრაში სასურველი
შედეგი გვეჩვენებინა.
–
როგორი
განწყობაა გუნდში? რას ფიქრობთ ფინალში თქვენს შანსებზე?
ლევანი: ვემზადებით ფინალისთვის. ჩვენი და ,,რუსთავის’’ ნახევარფინალური
წყვილი უფრო ძლიერი იყო და ჩვენ შორის ფინალში გასული ფავორიტი იქნებოდა, ეს თავიდანვე
ცხადი იყო. ვფიქრობ, არ უნდა გაგვიჭირდეს სასურველი მიზნის მიღწევა.
ვილი: დავეთანხმები ლევანს. თავიდანვე ფავორიტებს შორის ვიყავით. ნახევარფინალში
გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო ამაღლებული განწობაა გუნდში.
–
როგორ
შეაფასებდით მთლიანად 2012-2013 წლების 16-წლამდელთა ჩემპიონატს?
ლევანი: ჩემპიონატი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, შარშანაც
ვთამაშობდი, თუმცა წლევანდელი ჩემპიონატი ბევრად მაღალი დონისაა. ბევრი გუნდი იღებდა მონაწილეობას და ამით ყველა
სხვა ასაკობრივი ჩემპიონატისგან გამორჩეული იყო. თუმცა, უფრო მეტად სუსტი გუნდები ასპარეზობდნენ
და დაძაბული შეხვედრები რეგულარულში არ გვქონია, ამის გამო შედარებით გაგვიჭირდა ნახევარფინალში.
ვილი: შარშან ცოტა გუნდი ასპარეზობდა, თუმცა კონკურენცია რეგულარულში
უფრო დიდი იყო. წელს კი ბევრი სუსტი მეტოქე გვყავდა, ხშირად ძალიან დიდი სხვაობით ვიგებდით
და ალბათ, ზედმეტად თავდაჯერებულები გავხდით. ამან განაპირობა, რომ ნახევარფინალში
,,რუსთავის’’ მხრიდან სერიოზულმა წინააღმდეგობამ დაგვაბნია და მეორე შეხვედრაში მარცხი
განვიცადეთ.
–
როდის
და ვისთან დაიწყეთ ვარჯიში? რამ გადაგაწყვეტინათ კალათბურთელობა?
ლევანი: მამაჩემი ყოფილი კალათბურთელია. მის კვალს გავყევი და თამაშიც სწორედ მისი რჩევით დავიწყე 8-9 წლის
წინ. პირველი მწვრთნელები ზვიად დიდბარიძე და ნინო ყიფშიძე იყვნენ, დიდი როლი ითამაშეს
ჩემს გაზრდაში ვასილ ბერეკაშვილმა და ნაკრების მწვრთნელებმა. ახლა ,,შსს აკადემიის’’
მწვრთნელები მავარჯიშებენ ძალიან კარგად. ჩემი პირველი გუნდი ,,ორბი,, იყო (ახლანდელი
,,კარდინალები’’).
ვილი: 5 წლიდან ფეხბურთზე დავდიოდი და მეკარე ვიყავი. 11
წლის ასაკში კი კალათბურთზე შემიყვანეს. ვარჯიში ,,სამედიცინოში’’ დავიწყე სერგო იშხნელთან. 1 წლის შემდეგ ,,დინამოში’’ გადავედი არჩილ ჟღენტთან, სწორედ მან შემაყვარა კალათბურთი,
მისი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს ასე ვთამაშობ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ვასილ სომხიშვილს,
რომელიც ინდივიდუალურად მავარჯიშებდა, ხანდახან კი გუნდშიც ვემატებოდი ჩემპიონატზე
და ამან გამოცდილება შემძინა. ჩემს პროფესიულ გაზრდაში დიდი როლი ითამაშეს გია კაზანჯიანმა და გელა წულაძემაც, ევროპაზე წასვლით
ძალიან მნიშვნელობანი გამოცდილება მივიღე.
–
ვილი,
,,მართვეს’’ წინააღმდეგ შეხვედრაში 127 ქულა ჩააგდე, ეს საქართველოს ჩემპიონატების
აბსოლუტური რეკორდია. რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ თამაშს შენთვის, რა შეცვალა ამ რეკორდმა?
ვილი:მთავარი ისაა, რომ ამ შედეგმა თავდაჯერებულობა შემმატა.
მადლობას ვეტყვი ლევან გოგალაძეს და ჩემს სხვა გუნდელებს, რომლებმაც დაცვაში არაჩვეულებრივად
ითამაშეს და პასებით მომამარაგეს.
–
გეგმავთ
თუ არა უკვე საზღვარგარეთ სათამაშოდ წასვლას?
ლევანი: ამის დიდი სურვილი მაქვს, თუმცა ზუსტად ჯერ არ მაქვს
გადაწყვეტილი.
ვილი: შემოთავაზებები თუ იქნება, სიამოვნებით მივიღებთ. შემოთავაზებები
კი იმაზეა დამოკიდებული, ევროპაზე როგორ ვიასპარეზებთ.
–
რომელია
თქვენი საყვარელი კალათბურთელი და საოცნებო კლუბი.
ლევანი: ,,ნიუ იორკ ნიქსის’’ გულშემატკივარი ვარ, საყვარელი
კალათბურთელი კი კარმელო ენტონია. ჩემი ოცნება სწორედ ამ გუნდში თამაშია.
ვილი: ,,ლეიკერსი’’ ჩემი საყვარელი გუნდია. კალათბურთელებს
რაც შეეხება, ყველაზე მეტად მაიკლ ჯორდანი მიყვარს, დღესდღეობით კი კობი ბრაიანტს გამოვარჩევ.
ოცნებად მაქვს, ერთხელ მაინც მომიწიოს მასთან თამაში ან უბრალოდ, შეხვედრა.
–
სუპერლიგის
მიმდინარე სეზონში რომელ მოთამაშეს გამოარჩევდით?
ლევანი: ლეგიონერებიდან განსაკუთებით ჩვენი კლუბის გამთამაშებელი
დეონტა ვონი მომწონს, ქართველებში კი ლევან ფაცაციას და ილია ლონდარიძეს გამოვყოფდი.
ვილი: ვონს მეც გამოვარჩევდი, ძალიან კარგი გამთამაშებელია,
თამაშს ყოველთვის სწორად ალაგებს და ,,შსს აკადემიის’’ ფინალში გასვლა დიდწილად მისი
დამსახურებაა. ქართველ კალათბურთელებში კი საუკეთესო, ჩემი აზრით, ლევან ფაცაციაა.
გამოვყოფდი მერაბ ბოქოლიშვილსაც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა
კალათბურთელია.
–
16-წლამდელთა
ნაკრების წევრები ხართ. რას იტყვით თქვენს ნაკრებსა და მოსამზადებელ ვარჯიშებზე? როგორ
შეაფასებდით შანსებს ევროპის ჩემპიონატზე?
ლევანი: სხვა ნაკრებებთან შედარებით, შეკრება ადრე დავიწყეთ,
კარგი პირობები გვაქვს და ბევრს ვვარჯიშობთ. მწვრთნელებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის,
რომ სასურველი შედეგი ვაჩვენოთ და იმედები გავამართლოთ.
ვილი: შარშან სომხეთში 16-წლამდელთა ტურნირზე ვიასპარეზეთ
და მაშინ ბევრმა გააკეთა აქცენტი ჩვენს ნაკრებზე.
იმედი აქვთ, რომ ევროპაზე წარმატებას მივაღწევთ. კარგად ვვარჯიშობთ, გასვლითი მატჩებიც
გვქონდა და ეს შეთამაშებისთვის ძალიან დაგვეხმარა.
– გაიხსენეთ
ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი გამარჯვება.
ლევანი:რუმინეთში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის პირველივე მატჩი გამორჩეული იყო. მასპინძელ რუმინეთს ვეთამაშეთ და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში გავიმარჯვეთ.
პირველი გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ჩემს კარიერაში დიდი ნაბიჯად
ვთვლი.
ვილი: ლევანის მიერ ნახსენები შეხვედრა მართლაც ძალიან დასამახსოვრებელი
იყო. ასევე გამოვყოფდი ესტონეთთან გადამწყვეტ თამაშს. ყველამ მთელი გული ჩავდეთ იმ
შეხვედრაში და საკმაოდ დიდი წინააღმდეობის მიუხედავად, მოვიგეთ. ძალიან ემოციური გამარჯვება
იყო.
– როგორ
ატარებთ თავისუფალ დროს? სპორტის სხვა სახეობებს თუ ადევნებთ თვალს?
ლევანი:თავისუფალ დროს, ძირითადად, მეგობრებთან ერთად ვატარებ.
სპორტის ბევრი სახეობა მომწონს, თუმცა ფეხბურთს და ჩოგბურთს გამოვარჩევდი.
ვილი: ფეხბურთი ძალიან მიყვარს და მისი აქტიური მაყურებელი ვარ.
– თქვენ,
როგორც ახალგაზრდა კალათბურთელები, როგორჩემპიონატში ასპარეზობას ისურვებდით?
ლევანი: კარგი იქნება, თუ ჩვენს ასაკშიც ჩატარდება ,,ყველა ვარსკვლავის
მატჩის’’ მსგავსი ღონისძიება, დამატებითი სტიმული იქნებოდა მოთამაშეებისთვის. ვისურვებდი,
მსაჯობის გამოსწორებას.
ვილი: სასურველია
ჩემპიონატში უფრო დიდი კონკურენცია იყოს და მეტი ძლიერი გუნდი ასპარეზობდეს. ,,ოლ სტარი’’
მართლაც კარგი იქნებოდა, ასევე, პრიზების შემთხვევაში ბავშვები უფრო მოტივირებულები
იქნებოდნენ, რომ თავი გამოეჩინათ.
–
საქართველოს
ეროვნული ნაკრები 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. რას იტყვით ჩვენი ნაკრების
შანსებზე?
ლევანი: ზაზა ფაჩულიას არყოფნა ნაკრებისთვის დიდი დანაკლისია,
თუმცა ძლიერი შემადგენლობა გვყავს და მჯერა, რომ ბიჭები წარმატებას მიაღწევენ. თანაც,
შეიძლება ლეგიონერი დავიმატოთ და ამასაც აქვს მნიშვნელობა.
ვილი: მართალია, ზაზა ფაჩულია ვერ დაეხმარება ნაკრებს, თუმცა
შერმადინის იმედი უნდა გვქონდეს, ევროლიგის ჩემპიონი გახდა და ძალიან კარგი სეზონი
ჩაატარა ,,ოლიმპიაკოსში’’. კიდევ ბევრს აქვს მომატებული, ამიტომ იმედიანად ველოდებით
ჩემპიონატს. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს!