“51–ე სკოლა” და “ქუთაისი” ფინალს მიუახლოვდნენ

“51–ე სკოლა” და “ქუთაისი” ფინალს მიუახლოვდნენ

ძალიან დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა „მართვე–3“–ისა და 51–ე სკოლის პირველი ნახევარფინალური მატჩი. ყველაფერი ნერვების სიმტკიცემ გადაწყვიტა და ლიკა ქაჯაიას 51–სკოლელებიც სერიაში დაწინაურდნენ.

ნერვების თამაში იყო ეს შეხვედრა, რადგან მთელი მატჩის განმავლობაში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და საბოლოოდ ის გაიმარჯვებდა, რომელ გუნდსაც მეტი სიმტკიცე აღმოაჩნდებოდა. 51–ე სკოლის გუნდი ხშირად ლიდერობდა, თუმცა მართველებიც არ რჩებოდნენ და გათანაბრებას ახერხებდნენ. ის კი არა, მეორე ტაიმის დასაწყისში გაბედავას გუნდი 5 ქულითაც დაწინაურდა, მაგრამ 51–ე სკოლელებმა მცირე შტურმი მოაწყვეს და ლიდერობა დაიბრუნეს.ლიკა ქაჯაიას გუნდს კადეტთა ნაკრების წევრი ოთო ფხაკაძე წინამძღოლობდა, რომელიც ხშირად შედიოდა ფარქვეშ და მეტოქის დამცველებს აიძულებდა, მასზე დაჯარიმებულიყვნენ. ამიტომაც იყო, რომ ფხაკაძემ საკმაოდ ბევრი ქულა სწორედ საჯარიმოს ხაზიდან მიითვალა. ის თითქმის შეუმცდარი იყო და 12 ცდიდან, 11 საჯარიმო ჩააგდო.ფხაკაძემ 25 ქულა დააგროვა საბოლოოდ, თუმცა მატჩის ბომბარდირი წაგებული გუნდიდან გახდა – ასევე ნაკრების წევრმა არჩილ მეფარიშვილმა გაბედავას გუნდს 26 ქულა და 12 პასი შეაწია. ფეიქრიშვილი მატჩის ბოლო წუთებზე გავარდა მოედნიდან 5 პერსონალურის გამო, თუმცა მანამდე მოასწრო ტექნიკური ჯარიმის მიღება, რაც თანაბარ თამაშში დიდი ფორაა მეტოქისთვის. თუმცა მართველებს მაშინ გადაეწურათ შანსი, როცა მათმა ერთ–ერთმა ლიდერმა, გეგა მესხმაც ტექნიკური მიიღო და ფხაკაძის სროლების შემდეგ 51–ე სკოლი უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა. სირენამდე ორიოდ წუთი რჩებოდა, რაც „მართვე–3“–ის დამარცხებას ნიშნავდა.სერიის მეორე მატჩი 24 აპრილს გაიმართება აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში და თუკი 51–ე სკოლა კვლავ მოახერხებს გამარჯვებას, ფინალში გავა. ამ მატჩის პარალელურად ქუთაისში გაიმართა მეორე ნახევარფინალური შეხვედრა , რომელშიც მასპინძლებმა დიდი სხვაობით დაამარცხეს „მართვე–4“. ამ მატჩის ოქმს ჩვენს საიტზე ცოტა მოგვიანებით იხილავთ.