A დივიზიონისთვის მოსამზადებლად U16 ნაკრები ლატვიაში 6 სპარინგ-მატჩს გამართავს

A დივიზიონისთვის მოსამზადებლად U16 ნაკრები ლატვიაში 6 სპარინგ-მატჩს გამართავს

ერთადერთი ასაკობრივი ნაკრები, რომელიც საქართველოს ელიტარულ (A დივიზიონში) ჰყავს 16-წლამდელები არიან. შარშან, ამ დროს, ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ პიეშტში გამართულ B დივიზიონში მე-3 ადგილი დაიკავა და A დივიზიონის საგზური მოიპოვა. ქართველებმა მე-3 ადგილისთვის მატჩში მასპინძელი რუმინეთი დრამატულ ბრძოლაში – 70:68 დაამარცხეს. 

იმ შემადგენლობიდან წლევანდელ ნაკრებში 2 კალათბურთელია – მათე ხატიაშვილი და ილია სულაძე. დანარჩენები 2007 წელს არიან დაბადებულნი და 16-წლამდელებში თამაში აღარ უწევთ. წლეულს საქართველოს ნაკრების მთავარი ამოცანა უძლიერესთა შორის დარჩენა, A დივიზიონში ადგილის შენარჩუნება იქნება.

საამისოდ ჩვენი ნაკრები ნაყოფიერად ემზადება. მწვრთნელების მიერ საქართველოში ჩატარებული სასელექციო მუშაობისა და შეკრების შემდეგ ჩვენი ნაკრები 15 კალათბურთელით ლატვიაში გაემგზავრა, სადაც 2 აგვისტომდე დარჩება და 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 

23-24 ივლისს უკრაინასთან 2 მატჩი
26 ივლისი VS ლატვია
27 ივლისი VS ესტონეთი
1 აგვისტო VS ისრაელი
2 აგვისტო VS გერმანია

 

ჩვენს ნაკრებს კვლავინდებურად ნიკა ცინცაძე და ლევან ტყეშელაშვილი წვრთნიან, რომლებსაც სამწვრთნელო შტაბში ნიკა ბურჯანაძე დაემატათ. მწვრთნელთა ტრიო ლატვიურ შეკრებაზე საბოლოოდ შეარჩევს იმ 12 კალათბურთელს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება, წლეულს A დივიზიონი საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ჰერაკლიონში გაიმართება. საქართველო C ჯგუფშია საფრანგეთთან, პოლონეთთან და საფრანგეთთან. 

გათამაშების სისტემა აქ სხვა ასაკობრივებისგან განსხვავებულია. ჯგუფში ჩატარებული 3 მატჩის შემდეგ ყველა გუნდი პლეი ოფში (მერვედფინალში) გადაინაცვლებს, სადაც ჯვარედინი სისტემით დაწყვილდება. A ჯგუფი ჯვარედინად B-ს დაუწყვილდება, ხოლო C – D-ს. შესაბამისად, საქართველოს მომავალი მეტოქე მერვედფინალში ხორვატია, საბერძნეთი, ისრაელი ან იტალია იქნება. 

მერვედფინალში დამარცხებული გუნდები ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებენ. ტურნირის ბოლო 3 ადგილზე (14, 15, 16) გასული გუნდები B დივიზიონში დაქვეითდებიან.